მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უახლოეს წლებში ხელოვნური ინტელექტი გლობალური შრომის ბაზრის თითქმის 40%-ზე მოახდენს გავლენას, რის გამოც ათობით მილიონი სამუშაო ადგილი ტრანსფორმაციას დაექვემდებარება. ბავშვები, რომლებიც დღეს სკოლებში სწავლობენ, აქტიურ პროფესიულ საქმიანობას 2030-იან და 2040-იან წლებში დაიწყებენ - სამყაროში, რომლის ზუსტი პროგნოზირებაც დღეს თითქმის შეუძლებელია. ამ მოცემულობაში, განათლების სისტემისა და მშობლების წინაშე მთავარი კითხვა დგება: რას ვასწავლით შვილებს დღეს იმისთვის, რომ ისინი ხვალინდელი დღისთვის მზად აღმოჩნდნენ?
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ 30 000 სამუშაო როლის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე პოზიცია პოტენციურად ჩანაცვლებადია ხელოვნური ინტელექტის მიერ - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში განათლების ტრანსფორმაციის ექსპერტი და ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს.
მისივე განმარტებით, ტექნოლოგიური პროგრესი პროფესიების სრულ გაქრობას არ ნიშნავს.
"დღეს არსებული მონაცემებით და განხორციელებული კვლევებით შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და სხვა ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ მომავლის სამუშაო ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ ეს არ ნიშნავს პროფესიების მთლიანად გაქრობას, არამედ ეს ნიშნავს პროფესიების შინაარსის რადიკალურად შეცვლას. ხოლო მეორეს მხრივ - ახალი პროფესიების გაჩენას, რომელიც დღეს არ არსებობს.
ერთი მხრივ, იქნება პროფესიები, რომლებშიც მნიშვნელოვნად შემცირდება საჭიროება ადამიანების, ვისიც რაოდენობრივად აქამდე გვჭირდებოდა, რადგან ერთი პროფესიონალი ბევრად მეტ საქმეს გააკეთებს. მეორე ნაწილია პროფესიები, რომლის შინაარსი რადიკალურად შეიცვლება - მაგალითად, იურისტს შეიძლება მომავალშიც ერქვას იურისტი, მაგრამ მისი საქმიანობის დიდ ნაწილს, როგორიცაა დოკუმენტის ანალიზი თუ კვლევა, ტექნოლოგიის მეშვეობით განახორციელებს. და მესამე კატეგორიაა სრულიად ახალი პროფესიები, რომელთათვისაც ჩვენი მომავალი თაობის მომზადება მოგვიწევს", - განმარტავს ექსპერტი.
მისივე თქმით, შექმნილ რეალობაში ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვს თავად განათლების მოდელიც. თუკი აქამდე სისტემა პროგნოზირებადი გარემოს კონცეფციას ეფუძნებოდა, სადაც ადამიანი მიღებულ განათლებას მთელი კარიერის განმავლობაში იყენებდა, მომავალში ახალგაზრდებს პროფესიებისა და ცოდნის შინაარსის არაერთგზის შეცვლა მოუწევთ. შესაბამისად, მაღალი სასკოლო ნიშნები და "ფრიადოსნობა" მომავლის წარმატების ავტომატურ გარანტად ვეღარ ჩაითვლება.
"ჩვენი შვილების თაობას მოუწევს არა მხოლოდ სამსახურების შეცვლა, არამედ პროფესიების შეცვლა და ერთი და იგივე პროფესიაში მთლიანი შინაარსების და მათ შორის იმ ცოდნის შეცვლაც, რომელიც დღეს არსებობს. განათლების სისტემას დაესვა სრულიად ახალი, დიდი ამოცანა: გარდა იმისა, რომ მივცეთ ცოდნა, უნდა მოვამზადოთ ეს ადამიანები ისეთ უნარებში, რომლითაც შეძლებენ მოქმედებას მაშინაც, როცა გარშემო ყველაფერი შეიცვლება.
პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ეს აკადემიური ნიშნები რაში დაიწერა? თუ სკოლა მხოლოდ ცოდნას აფასებს და ამაში წერს ფრიადს, მაშინ პასუხი ცალსახაა: არა, ასეთი ფრიადოსანი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მზად არის მომავლისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფასების სისტემაში შემოდის კომპეტენციები და მთელი ის დიდი კალათა, რაც მოსწავლეს სჭირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრიადოსნობა მომავლისთვის მზადებას უდრის", - აცხადებს თამარ კერძაია.
იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ კონკურენცია გაუწიონ ხელოვნურ ინტელექტს და მოერგონ მუდმივად ცვალებად გარემოს, ექსპერტი მშობლებსა და პედაგოგებს სამი ძირითადი უნარის განვითარებაზე ფოკუსირებას ურჩევს.
"სამ კატეგორიად გამოვყოფ ამ უნარებს: პირველი - ეს გახლავთ სწავლისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი, რაშიც შედის ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება, შეცდომებზე სწავლება, ძველი მიდგომების ცვლილებებისადმი მზაობა და ახალ გარემოსთან შეგუება.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - ეს გახლავთ აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი, რაც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, წაკითხულის გააზრებას, გადაწყვეტილების მიღებას და მოქმედებას მაშინ, როდესაც ზუსტი გზა არ არსებობს.
და მესამე - ეს არის ემოციური და სოციალური უნარები, რაშიც ნაკლებად ჩაგვანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ესენია: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობის აღება და, რაც მთავარია, საკუთარი ქცევისა და მოქმედების კონტროლი".
თამარ კერძაიას დასკვნით, სკოლის როლი სწორედ ამ კომპეტენციების სწავლება და მათი ობიექტური შეფასება უნდა გახდეს, რადგან ტექნოლოგიურ ეპოქაში მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა ადამიანს კონკურენტუნარიანს ვეღარ გახდის.
"აი, თუ ამ სამ უნარს აძლევს სკოლა და გვიფასებს ამ შედეგებს და ბავშვი არის ფრიადოსანი, მაშინ ის მომავლისთვის მზად არის", - აჯამებს ექსპერტი.
























