მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Azure-ის 48%-იანი ზრდის ფონზე, Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

brookfield

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ ფისკალური წლის პირველ კვარტალში წლიურად 19%-ით გაზრდილი, $92.28 მილიარდის შემოსავალი მიიღო და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $90.69 მილიარდს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტექნოლოგიურმა გიგანტმა $27.75 მილიარდის წმინდა მოგება დააფიქსირა, ამჯერად მაჩვენებელმა წლიურად 32%-ით მოიმატა და $36.63 მილიარდი შეადგინა. კომპანიამ თითოეულ აქციაზე დააფიქსირა $4.89-ის ოდენობის კორექტირებული მოგება, რომელმაც უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $4.73-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება შემოსავლებს სეგმენტების მიხედვით, კორპორაციის მთავარ მამოძრავებელ ძალად Azure-ის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა იქცა. კომპანიამ ისტორიაში პირველად გაასაჯაროვა ამ მიმართულების დოლარში გამოსახული შემოსავალი, რომელმაც 48%-იანი წლიური ზრდის შედეგად $33.17 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $32.32 მილიარდს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ცვლილებების შემდეგ, Microsoft-ი ფინანსურ მონაცემებს ორ ძირითად სეგმენტად ანაწილებს. მათგან პირველში, სახელწოდებით Agents and Infra, გაერთიანებულია Azure-ი და საოფისე პროგრამები, სადაც შემოსავალი თითქმის 25%-ით, $76.8 მილიარდამდე გაიზარდა.

მეორე სეგმენტის, Devices and Consumer-ის შემოსავალი კი, პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე შესუსტებული მოთხოვნის გამო, 3%-ით შემცირდა და $15.48 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, Microsoft-ის კაპიტალურმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში $45.2 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ემი ჰუდმა განაცხადა, რომ მოთხოვნა არსებულ მიწოდებას კვლავ აჭარბებს. მისი განმარტებით, ამ დეფიციტის ფონზე, მომდევნო კვარტალში კაპიტალური ინვესტიციები $50 მილიარდს გადააჭარბებს.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, მომდევნო კვარტალში ტექნოლოგიური გიგანტი $96 მილიარდიდან $97.1 მილიარდამდე შემოსავალს მოელის, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $95.60 მილიარდს აღემატება. ამასთან, მენეჯმენტი მოელის, რომ Azure-ის ზრდის ტემპი 49%-დან 50%-მდე დიაპაზონში შენარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საფონდო ბირჟის დახურვის შემდგომ სესიაზე Microsoft-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის საბაზრო ღირებულება მხოლოდ 10%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები