დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
ამასთან, Bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, სამინისტრომ განგვიცხადა, რომ შეზღუდვა არ ეხება რეექსპორტს.
ცნობისთვის, ინიციატივა დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
როგორც სამინისტრო განმარტავს, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ჩვენგანის, ასევე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.

























