მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა რეექსპორტზეც აისახება, გაძვირდება ძველი მანქანებიც - ასოციაცია

ალექსი ნონიაძე

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ნეგატიურად აისახება რეექსპორტზეც.

ალექსი ნონიაძის განცხადებით, ავტოდილერებისთვის რისკები იზრდება, რადგან მათ შესაძლოა, რეექსპორტის მიზნით შემოყვანილი ავტომობილის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ვერ შეძლონ, შიდა ბაზარზე კი მათ რეგისტრაციას უკვე ვეღარ მოახერხებენ.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვა ავტოპარკს მნიშვნელოვნად ვერ განაახლებს, ამასთან, გამოიწვევს ძველი ავტომობილების გაძვირებას.

“2013 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილები ორი წლის წინ აკრძალეს, შეგვიძლია დღეს შედეგებზე ვისაუბროთ. რა შედეგები გვაქვს? ვინმე იტყვის, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდა? ნამდვილად არა. ვინმე იტყვის, რომ ძველი ავტოპარკი განახლდა? ყველანი დავდივართ ქალაქში და ეს სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს და ნამდვილად არა.

თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა პირველადი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლები, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ 2023 წელს შემოვიდა მეტი ავტომობილი, 60 000-ზე მეტი ავტომობილით მეტი, ეს ბაზარმა რეექსპორტზე ვერ გაიტანა, დარჩა ეს ავტომობილები და მისი მფლობელები, კონკრეტულად კი ავტოდილერები, იძულებულნი გახდნენ გაკოტრებას და დამატებით ჯარიმებზე წასვლას, დაერეგისტრირებინათ ეს ავტომობილები და განებაჟებინათ. ამიტომ ქვეყანაში დარჩა.

გამოვიდა რა? ის ფული, რომელიც დოლარის სახით იყო გასული ქვეყნის გარეთ, შემოვიდა ამის სანაცვლოდ ავტომობილი, რეექსპორტზე ვერ გაიყვანეს, გამოდის რომ იზარალეს - ეს ერთი. ქვეყანაში მოიკლო ფინანსურმა ნაკადებმა. ერთადერთი დადებითი რაც მოხდა, პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებლები გაიზარდა. აქ არამც და არამც არ არის საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ მომხმარებლის მოთხოვნა გაიზარდა, კეთილდღეობა გაიზარდა და ამიტომ გაიზარდა პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებლები. სწორედ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

როდესაც აკრძალავს ხელისუფლება ამ შემთხვევაში 6 წელზე უფრო მეტი ასაკის ავტომობილის შემოყვანას და დარეგისტრირებას, ელემენტარულად ეს იმოქმედებს რეექსპორტზეც, იმიტომ რომ ერთადერთი დამცავი მექანიზმი ავტოიმპორტიორისთვის ის იყო, რომ თუ ვერ გაყიდდა რეექსპორტზე, ამ შემთხვევაში დაიტოვებდა და ქვეყანაში გაყიდდა. ამასაც ვერ მოახერხებს. ამიტომ პირდაპირ თუ ირიბად მაინც ეხება ეს შეზღუდვა რეექსპორტსაც.

მეორეს მხრივ ფასების ზრდას გამოიწვევს, კიდევ უფრო ნაკლები მომხმარებელი შეიძენს ავტომობილს და ადგილზე არსებული ძველი ამორტიზირებული ავტოპარკიც უფრო გაძვირდება და უფრო ღირებული გახდება.

ამიტომ ამ გადაწყვეტილების სისწორეში ჩვენ ეჭვი გვეპარება, მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არაფერი მსგავსი დარგთან, ასოციაციასთან, კომპანიებთან ეს საკითხი არ იყო შეთანხმებული. წინა გადაწყვეტილებაც რომ მიიღეს 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების აკრძალვა, იქაც ექვსჯერ მოუწიათ ცვლილებების შეტანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს საკითხი არ არის კარგად დამუშავებული, უფრო ღრმა შესწავლას და დამუშავებას მოითხოვს და კარგი იქნება თუ დარგთან გაივლიან ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციებს და იქნება შეხვედრა”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ BMG-სთან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები