მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე გადაწყვეტილების ცვლილება ფართო კონსულტაციების შედეგია - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგია და მისი მიზანი ბიზნესისა და გარემოსდაცვითი ინტერესების დაბალანსებაა.

მინისტრის თქმით, რეგისტრაციის აკრძალვის ნაცვლად, ასეთ ავტომობილებზე ერთიანი განაკვეთი დაწესდება.

„6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შეიცვალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

ნაცვლად ამისა, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. არსებული მდგომარეობით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი განბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, დღეს წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები