ავტოიმპორტიორთა სექტორი ერთსულოვნად თანხმდება, რომ 6 წელზე უფრო დიდი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ყველა სხვა რგოლს დააზარალებს - ამის შესახებ BM.GE-ს "რობან მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ განუცხადა.
ცნობისთვის, დღეს, 14 თებერვალს, ავტოდილერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებასა და მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ელგუჯა ჯამაგიძის შეფასებით, ბიზნესის გარდა, აღნიშნული ეკონომიკური გადაწყვეტილება მწვავედ აისახება საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან ავტოიმპორტი მრავალ დარგზე ახდენს გავლენას.
"დღევანდელი შეხვედრა იყო ერთსულოვანი. ნებისმიერი, ვინც კი ამ ბიზნესთან არის კავშირში, ყველა ერთ აზრზეა, რომ ეს არის კაბალური გადაწყვეტილება, რომელიც აზარალებს არა მარტო ბიზნესს - რომელიც იმპორტის ჭრილში ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში და საქართველოს ბიუჯეტში თანხების შემომტანია - არამედ სხვა სფეროებსაც ძალიან დააზარალებს. დააზარალებს ჩვენს მოქალაქეს, დააზარალებს მცირე ზომის დისტრიბუციის, M1 კატეგორიის ავტომობილები რომ არის, იმათ მფლობელებს. დააზარალებს ევაკუატორებით გადამზიდავებს, რომლებიც ფოთიდან ეზიდებიან ავტომობილებს, მთელი არმიაა მაგ ხალხის. დააზარალებს ნაწილებით მოვაჭრეებსაც, იმიტომ რომ ეს კიდევ ცალკე რგოლია. აგრეთვე დააზარალებს იმ ხალხს, რომელსაც დაშლილები და ავტონაწილები აქვთ ჩამოტანილი, მარაგები", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
"რობან მოტორსის" დამფუძნებელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ავტოიმპორტის მსგავსად შეზღუდვას განსაკუთრებული გავლენა მოსახლეობაზე ექნება, რომელსაც იმპორტი, ზოგიერთ შემთხვევაში, 2-ჯერ გაუძვირდებათ.
"არაბიზნესურადაც რომ შევხედოთ, ეს კანონი თუ ძალაში შევიდა პირველი აპრილიდან, თითოეული მოქალაქეს ჯიბეს დაარტყამს იქიდან გამომდინარე, რომ ამ წლოვანების ავტომობილების აუქციონებზე შესყიდვის საშუალო ფასი არის $9-10 ათასი დოლარი. შემდგომ მას ტრანსპორტირება სჭირდება, თუ რამე დაზიანებულია, აღდგენა სჭირდება და ღირებულება $15-20 ათასამდე ადის. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი გახდება მოსახლეობის 60%-სთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ გამოცვალონ ავტომობილები.
ამიტომ ეს მარტო ჩვენზე არ არის. ეს სოციუმისთვის არის პრობლემა. ბიზნესს ბოლოს და ბოლოს გადაეწყობა, ვიღაც ამოვარდება, ვიღაცა დარჩება, მაგრამ რაღაც ფორმით მოერგება. მაგრამ მთლიან საზოგადოებაზეა დარტყმა, რომელსაც ეუბნებიან: თქვენ ტრანსპორტი არ გჭირდებათ, იარეთ ფეხით", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
ავტოიმპორტიორმა BM.GE-სთან ასევე აღნიშნა, რომ ავტოიმპორტის ამგვარი შეზღუდვა ვერც ეკოლოგიურ პრობლემას მოაგვარებს და ვერც თბილისის საცობებს განტვირთავს, მიუხედავად იმისა, რომ, "ქართული ოცნების" მიზანი, განკარგულების თანახმად, ზუსტად ეს არის.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს კანონი გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, ძალიან ცდება. აუქციონზე ამ წლოვანების ავტომობილები დაბალ ფასში იყიდება, როდესაც გარბენი აქვს დიდი და ის ცვეთადი ნაწილები, რომლებიც პასუხისმგებელია ეკოლოგიაზე - კატალიზატორები, ფილტრები და ასე შემდეგ - უკვე მწყობრიდან არის გამოსული და მისი ეფექტი ეკოლოგიასთან მიმართებით ნულის ტოლია. ჯობია, სტანდარტი დაწესდეს და მოხდეს ქალაქში მოძრავი ავტომობილების რეალური შემოწმება.
მათ ასევე დააანონსეს, რომ გადატვირთული მოძრაობაა ქალაქში და საცობები უნდა განიტვირთოს. საცობებისთვის უნდა მიხედონ ინფრასტრუქტურას. გამართული ინფრასტრუქტურა გამოასწორებს ამ საცობების პრობლემას", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
როგორც მან აღნიშნა, ავტოიმპორტიორები მთავრობასთან კომუნიკაციასა და კონსულტაციებისთვის ღიაა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები და მოლოდინები, ამ დროისთვის, განსაზღვრული არ არის.




























