მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში ქართული ღვინო 13 ქვეყანაში 150-მდე ღონისძიებაზე იყო წარდგენილი - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღონისძიებები

2025 წლის 6 თვეში, ქართული ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყანაში 18 გამოფენა/ფესტივალსა და 137 დეგუსტაცია-სემინარზე იყო წარდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ღვინის წარდგენა საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მოხდა.

აღნიშნული ქვეყნებია: იაპონია, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ფინეთი, სომხეთი, პოლონეთი და ბელგია.

"უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 8 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. მიმდინარე წელს, საქართველოში 15 გამოფენა/ფესტივალი და 4 დეგუსტაცია/კონკურსი გაიმართა", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაზე გასულ წელს 26 განაცხადი შევიდა.

ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები