2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 100.5 მილიონი დოლარის ღირებულების 147.7 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი გავიდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 12%-ით, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა.
ქართული მინერალური წყლების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც ექვს თვეში 45.9 მილიონი დოლარის ღირებულების 84.8 მილიონი ლიტრი სასმელი გაიყიდა. მას მოჰყვება ყაზახეთი - 18.2 მილიონი დოლარი (20.4 მილიონი ლიტრი) და უკრაინა - 11.6 მილიონი დოლარი (13.9 მილიონი ლიტრი).
უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ასევე არიან ლიეტუვა (5.4 მილიონი დოლარი, 7.2 მილიონი ლიტრი), უზბეკეთი (4.2 მილიონი დოლარი, 4.6 მილიონი ლიტრი), მოლდოვა (2.1 მილიონი დოლარი, 2 მილიონი ლიტრი), გერმანია (2 მილიონი დოლარი, 1.5 მილიონი ლიტრი), ბელარუსი (1.3 მილიონი დოლარი, 2.2 მილიონი ლიტრი), ისრაელი (1.17 მილიონი დოლარი, 1.3 მილიონი ლიტრი) და ყირგიზეთი (1.11 მილიონი დოლარი, 1.1 მილიონი ლიტრი).
ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მინერალური წყლების იმპორტიც, თუმცა მისი მოცულობა ექსპორტთან შედარებით კვლავ უმნიშვნელოა. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 251 ათასი დოლარის ღირებულების 219.3 ათასი ლიტრი მინერალური წყალი შეიძინა. წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 85.7%-ით, ხოლო მოცულობა 62.9%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის მინერალური წყლების უმსხვილესი მომწოდებელი იტალია იყო, საიდანაც ქვეყანაში 146 ათასი დოლარის ღირებულების 96.7 ათასი ლიტრი პროდუქცია შემოვიდა. მას მოსდევს რუსეთი (63 ათასი დოლარი, 86 ათასი ლიტრი), უკრაინა (18 ათასი დოლარი, 13.5 ათასი ლიტრი), სომხეთი (8 ათასი დოლარი, 12.5 ათასი ლიტრი) და გერმანია (7 ათასი დოლარი, 4.1 ათასი ლიტრი).




























