მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამაცივრე მეურნეობების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ₾7.5 მილიონამდე გაიზარდა - როგორია ტენდენცია?

სამაცივრე

2026 წლის III კვარტალში საქართველოში სამაცივრე მეურნეობების მიერ პროდუქციის შენახვის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7.5 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.2 მილიონი ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორის შემოსავალი წლიურად 1.3 მლნ ლარით, დაახლოებით 21%-ით გაიზარდა.

შემოსავლების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობაც გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოში 432 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120 ობიექტით მეტია. ამ მეურნეობებში საანგარიშო პერიოდში 138.9 ათასი ტონა პროდუქცია განთავსდა, რეალიზაციამ კი 37.9 ათასი ტონა და 303.9 მლნ ლარი შეადგინა.

რეგიონების მიხედვით, სამაცივრე მეურნეობები ყველაზე მეტად შიდა ქართლშია კონცენტრირებული. ამ რეგიონზე ქვეყანაში მოქმედი ობიექტების 51.9% მოდის. შემდეგ თბილისი და კახეთი მოდის, სადაც სამაცივრე მეურნეობების წილი, შესაბამისად, 10.9% და 10.2%-ია. აჭარაში ობიექტების 7.6% მდებარეობს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5.3%, იმერეთში – 5.1%, ქვემო ქართლში – 4.6%, სამცხე-ჯავახეთში – 1.9%, გურიაში – 1.4%, მცხეთა-მთიანეთში – 0.9%, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 0.2%.

რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობებში განთავსებული პროდუქციის სახეობებს, ყველაზე დიდი წილი ქათმის ხორცზე მოდიოდა – 29.9%. ხორცსა და ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, 25.5% ეკავა, ხილსა და ბოსტნეულს – 16.7%, თევზეულს – 15.6%, რძის პროდუქტებს – 8.4%, ხოლო სხვა პროდუქტებს – 3.8%.

პროდუქციის წარმომავლობისა და სამაცივრე მეურნეობებში განთავსების მიზნის მიხედვით, 53.4% მათ შენახვის მომსახურების გასაწევად ჰქონდათ მიღებული. შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდულ პროდუქციაზე 24.7% მოდიოდა, ხოლო 21.8% თავად სამაცივრე მეურნეობების წარმოებული იყო.

კვლევიდან ვიგებთ, რომ რეალიზაციის სტრუქტურაშიც ადგილობრივი პროდუქცია ჭარბობდა. კერძოდ, გაყიდული პროდუქციის ღირებულების 47.1% შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდულ ადგილობრივ პროდუქციაზე მოდიოდა, 31% – იმპორტირებულზე, ხოლო 22% – სამაცივრე მეურნეობების საკუთარ წარმოებაზე.

საკუთარი წარმოების პროდუქციის რეალიზაციაში დომინირებდა ხორცი და ხორცპროდუქტები, რომელთა წილმაც 66.9% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვებში კი ყველაზე დიდი წილი ასევე ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მოდიოდა – 29.1%. მას მოსდევდა რძის პროდუქტები 23.2%-ით, ქათმის ხორცი 16.1%-ით და თევზეული 11%-ით.

ადგილობრივი ბაზრის პარალელურად, სამაცივრე მეურნეობები პროდუქციას უცხოეთშიც ყიდდნენ. 2026 წლის III კვარტალში მათი ექსპორტის ღირებულებამ 5.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი რეალიზაციის ღირებულების 1.8%-ია. ექსპორტზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული გადიოდა.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მომსახურებით 374-მა მომხმარებელმა ისარგებლა. ამასთან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით პროდუქცია 1 296 მწარმოებლისა და გადამყიდველისგან შეისყიდეს. სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 2 388 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება სამაცივრე ინფრასტრუქტურის დატვირთვას, III კვარტალის განმავლობაში სამაცივრე კამერების საშუალო დღიური დატვირთვა თანდათან მცირდებოდა. ივლისში ეს მაჩვენებელი 57.5% იყო, აგვისტოში – 54.3%, სექტემბერში კი 47.4%-მდე დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები