მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

სპილენძის მადნები

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სპილენძის მადნებით ვაჭრობა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან საქონლის დიდი ნაწილი ქვეყანაში იმპორტირდება, საწყობდება, გადამუშავდება და მხოლოდ დამატებული ღირებულების შემდეგ გადის ექსპორტზე, თუმცა ქვეყანაში სპილენძის მადნების მოპოვება და გადამუშავებაც ხდება.

საქართველო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტიორი ქვეყანაცაა და იმპორტი, ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 122.5 მლნ დოლარის 44 856 ტონა საქონელი შევიძინეთ, იმპორტის ღირებულება თითქმის გასამმაგებულია, მოცულობა კი გაორმაგებული.

მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კი სომხეთია, საიდანაც წელს 119 მილიონ 433 ათასი დოლარის 43 693 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები ვიყიდეთ. მცირე მოცულობით ამ დასახელების საქონელი აზერბაიჯანიდან [$2.4 მლნ 302 ტონა] და მაროკოდანაც [$711 ათასი, 860 ტონა] შემოვიდა.

იმპორტდამოკიდებულების მიუხედავად, სპილენძის მადნები და კონცენტრატები საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელია, რომლის გადაზიდვებიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში ქვეყანამ ამ საქონლის გაყიდვით 287%-ით მეტი 141.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელის შემდეგ სპილენძის მადნების ექსპორტის მაჩვენებელი იკლებდა, თუმცა ტენდენცია წელს შეიცვალა. ამგვარად, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი, 6 თვის ჭრილში ექსპორტის მიხედვით საქონლის რეიტინგში 3.7%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, სადაც 6 თვეში 75 მილიონ 772 ათასი დოლარის ღირებულების 23 877 ტონა პროდუქტი გავყიდეთ. სწორედ, ჩინეთში გადაზიდვების გააქტიურებით არის განპირობებული ამ საქონლის ექსპორტის მოცულობითი ზრდა - 2025 წლის 6 თვეში აზიის ამ უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანაში სპილენძის მადნების ექსპორტი მხოლოდ 3.3 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად ზრდა 2 159%-ია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რეიტინგში მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს. ამ მიმართულებით სპილენძის მადნების ექსპორტი $10 მილიონით 43.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ჰონკონგში წელს 22 მილიონ 434 ათასი დოლარის 7 854 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიტანეთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი 177 ათასი დოლარის 239 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები