Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 0.6%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმში 4.8%-ით გაიზარდა
უფრო დეტალურად, თბილისში 19,205 ბინა გაიყიდა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება წლიურად 11%-ით 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის ზრდით არის განპირობებული.
Recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში - 20.6%-ით, გარეუბნებში - 10.5%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-ით გაიზარდა.
"ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები დარეგისტრირდა, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა.
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა",- აღნიშნულია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ბათუმს, წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.
შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები.




























