მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

60 ადამიანს ვასაქმებთ და საშემოსავლოს ვიხდით... მეტი ხელშეწყობა უნდა იყოს მთავრობისგან - "განთიადის" დირექტორი

დიანა ჩომახაშვილი

ცემში მდებარე კურორტ „განთიადის“ დირექტორის, დიანა ჩომახაშვილის თქმით, სასტუმრო საშუალოდ 60 ადამიანს ასაქმებს და საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაბამისად, მთავრობისგან უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა იყოს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მათთან ყველა დასაქმებული ადგილობრივია.

„მუდმივად 50 ადამიანს ვასაქმებთ, ზაფხულში კი 70-მდე ადის დასაქმებულთა რაოდენობა. ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი პროფესიული თვალსაზრისით გაზრდაზე, ასევე მათთვის კარგი გარემოს შექმნაზე. ესენი არიან ბორჯომელები და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები“, - აღნიშნა დიანა ჩომახაშვილმა და თანამშრომლების ბორჯომიდან და მიმდებარე სოფლებიდან ცემში ტრანსპორტირების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.

„მათი ტრანსპორტირება გამოწვევაა, ცემის ცენტრში რაღაც მუნიციპალური ტრანსპორტი კი დადის, მაგრამ მას ვერ დაეყრდნობი. კვირასაც ისვენებენ. შესაბამისად, კადრების ტრანსპორტირება ჩვენ თავად გვიწევს. ასევე, საღამოს 8-ზე რომ ჩვენი თანამშრომელი ასრულებს მუშაობას, რეისი აღარ არის, შესაბამისად, ჩვენ დაგვყავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან მუდმივად ვითხოვთ ჩართულობას. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნამდვილად გვიდგას მხარში, თუმცა ბორჯომის მერიისგან მეტ ყურადღებას ვისურვებდი. ბევრი საკითხია, რაც რეალურად მუნიციპალიტეტის გასაკეთებელია, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ ბიზნესმა უნდა გააკეთოს, მათ შორის თოვლიანი გზების გაწმენდა, ქუჩის განათება და ა.შ“, - აღნიშნა „განთიადის“ დირექტორმა.

დიანა ჩომახაშვილის თქმით, თოვლი მათთან მისასვლელ გზაზე გადაადგილების პრობლემას ქმნის. გაუწმენდაობის გამო კი განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორებისგან იღებენ ცუდ შეფასებებს.

„როგორც კი თოვლი მოვა, მერიასთან ვიწყებთ რეკვას, სანამ პირადი კონტაქტებით არ ვაწუხებთ, მანამდე უპატრონოდ ვართ ხოლმე. ჩვენი რეზორტის გახსნამდე, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჩვენ გვერდით გადის, ზამთარში იკეტებოდა და არც ფუნქციონირებდა. მოსახლეობა გრძელი შემოვლითი გზით დადიოდა. მაგალითად, სოფელი ტბის მცხოვრები ბავშვების ნაწილი წაღვერის სკოლაში სწავლობს, ამიტომაც რამდენიმე კილომეტრს ეს ბავშვები თოვლში ფეხით დადიოდნენ იმის გამო, რომ გზა არ იყო. ჩვენი აქტიურობით, თოვლის მოსვლის დროს გრეიდერი გადაივლის ხოლმე, თუმცა პრობლემები მაინც არის. Booking.com-ზე შეფასებებში მხოლოდ გზის გამო გვიწერენ ნეგატიურ კომენტარებს“, - აღნიშნა დიანა ჩომახაშვილმა და დასძინა, რომ იყო შემთხვევა, როცა ნაგვის მანქანა არ მივიდა სასტუმრომდე იმის გამო, რომ გზა არ იყო გაწმენდილი.

სასტუმრო „განთიადის“ დირექტორი კიდევ ერთ პრობლემად წყალსაც ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ხშირად ამღვრეულია.

„წყალს ჩვენ თავად ვწმენდთ ლაბორატორიულად. ხშირად ამღვრეული წყალი მოდის. წვიმა როცაა, მაშინ განსაკუთრებით. გარდა ამისა, პრობლემები გვექმნება, თუ გაზი ან დენი გაითიშა. ამიტომაც სტაბილურობის შეგრძნება არ გვაქვს. ჩვენ თავად გვაქვს აღებული რისკები. არადა, ასეთი მსხვილი საკითხები სახელმწიფოს მოსაგვარებელია“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, მთის კურორტი "განთიადი" ცემში, ძველ ბავშვთა სანატორიუმ "განთიადის" ბაზაზე გახსნილი 70-ნომრიანი სასტუმროა. დღეს მოქმედი საოჯახო სასტუმროს ადგილას 1973 წლიდან 2022 წლამდე სანატორიუმი “განთიადი” ფუნქციონირებდა. მის სასტუმროდ გადაკეთებაში კი ოჯახმა 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროს ძირითადი მომხმარებელი ბავშვიანი ოჯახები არიან. სტუმრების 95% ადგილობრივ დამსვენებლებზე მოდის, დანარჩენი 5% კი - უცხოელებზე.

10 ვილა, სამედიცინო სერვისები და ტყის ბიომასის ათვისება - როგორია კურორტ "განთიადის" ₾2 მლნ-იანი გეგმები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები