მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

60-მდე სული ანგუსი და შვიცი - რას სთავაზობს ადიგენში მდებარე მერძეულ-მეხორცული ფერმა მომხმარებელს?

შვიცი და ანგუსი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში მეხორცულ-მერძეული ფერმა ოპერირებს, რომელიც შვიცისა და ანგუსის ჯიშის პირუტყვს აერთიანებს. ფერმის დამფუძნებელი, იმედა ბოლქვაძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში 2016 წლიდანაა ჩართული, თუმცა საქმიანობას სერიოზული სახე 2021 წელს მიეცა, როცა ფერმა საკუთარი სახსრებით დააარსა და ამერიკიდან და ესტონეთიდან მაღალი ხარისხის პირუტყვი, ანგუსი და შვიცი შემოიყვანა.

მისი თქმით, მეურნეობა 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული და 160-170 სულ საქონელზეა გათვლილი. თუმცა, ამ დროისათვის, ობიექტი 60-მდე სულ ჩრდილო ამერიკულ „შავ ოქროს“ , იგივე ანგუსსა და ესტონურ შვიცსს აერთიანებს.

“2016 წელს სახელმწიფომ კოოპერატივებისთვის რძის წარმოება-გადამუშავების პროგრამა დაიწყო. საწარმოებს აფინანსებდნენ, კოოპერატივების განვითარებაში სააგენტო გვეხმარებოდა. დავიწყეთ რძის მიღება-წარმოება, მაგრამ გზადაგზა­ ბევრ პრობლემას წავაწყდით. პირველი ის, რომ ბაზარი უკონტროლო აღმოჩნდა. მერე საკითხებს ჩაუღრმავდით და მივხვდით, რომ განათლების დეფიციტიც იყო და ასეა დღესაც. ანგუსი ამერიკიდან, ხოლო შვიცი ესტონეთიდან ჩამოვიყვანეთ და საკუთარი ფერმა გავაკეთეთ.

ფერმის საქმიანობა შერეული ტიპისაა - ანგუსი მეხორცული, ხოლო შვიცი კი მერძეულია, შესაბამისად მეურნეობა ორივე მიმართულებით მუშაობს”, - თქვა მან.

ბოლქვაძის თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ფიზიკურ პირებზე ხორციელდება, რადგან წარმოების მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა.

ფერმის განვითარებაში ჯამში დაახლოებით 230,000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. მეურნეობაში მუშაობს ერთი დამხმარე, საქმიანობაში კი აქტიურადაა ჩართული თავად ფერმერი და მისი ოჯახი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები