მთავრობამ ადიგენში სტიქიის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემა დევნილთა სააგენტოს დაავალა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, საკომპენსაციო თანხა იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომელთა საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა და რომლებიც განსახლებას ექვემდებარებიან. ოჯახების შესახებ გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე იქნება მიღებული.
განკარგულებაში წერია, კომპენსაციის ოდენობა ოჯახის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, 50 000 ლარს მიიღებს ოჯახი, რომელსაც საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ აქვს.
ამასთან, 30 000 ლარის კომპენსაციაა გათვალისწინებული იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ან ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და განკარგულების გამოცემის შემდგომ გაასხვისეს იგი. ამავე ოდენობის კომპენსაცია განსაზღვრულია იმ შემთხვევაში, თუ განკარგულების გამოცემის თარიღისთვის დაზიანებული სახლის მესაკუთრე ალტერნატიულ საცხოვრებელს ფლობდა და განკარგულების გამოცემის შემდგომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი გაასხვისა.
განკარგულების თანახმად, კომპენსაციის გაცემის შემდეგ, დანართით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს და იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირებს აღარ ექნებათ უფლება, ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო სახელმწიფოსგან ან მუნიციპალიტეტისგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამასთან, განკარგულებით გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს. აღნიშნული ოჯახები ასევე თავისუფლდებიან კომპენსაციის მიღების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.
კომპენსაციის გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს. ადიგენის მუნიციპალიტეტს კი სააგენტოსთვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა ეთხოვა.

























