მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები „ლიბერთის” აქვს - აფბა

6156c3da8ba66
თათია ჩაფიჩაძე
01.10.21 12:30
725
საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილი კომისია მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები, მიღებული არ არის.

კომისიის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული კომისია პენსიის დისტრიბუციის და ასევე, ე.წ. "საპენსიო სესხების" გაცემის ნაწილში მაქსიმალურად კომფორტული პირობების შეთავაზებისთვის სხვადასხვა მოდელს განიხილავს.

დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი მსგავსი თემებით წინსაარჩევნოდ მოსახლეობის მანიპულირების ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების განცხადებები უმეტესად ბუნდოვანი და არაპროფესიონალურია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ კომერციულ ბანკებში მსგავსს სესხებზე განაკვეთები საშუალოდ 30%-დან 49%-მდე მერყეობს, „ლიბერთი ბანკის“ მიერ შემოთავაზებული პროცენტი კი საბაზროზე ნაკლებია.

„სესხების საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში წამოიწევს ხოლმე პოლიტიკოსების მხრიდან და მათი მიზანია, გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერა. არჩევნების დამთავრების შემდეგ კი ამ საკითხს უმეტესად ივიწყებენ. არ მახსენდება რომელიმეს მიერ ჩატარებულიყო საფუძვლიანი კვლევა, რომელის შედეგადაც დადებდნენ ანალიზს თუ რა პრობლემები არსებობს, მაღალია თუ არა განაკვეთი, რატომ არის და როგორ უნდა შემცირდეს; როცა პოლიტიკოსები საუბრობენ პრობლემაზე, აუცილებელია, შეისწავლონ სრულყოფილად საკითხი და დაგვანახონ მისი მოგვარების გზა. ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთზე არაერთი კვლევა გამოქვეყნდა ბოლო დროს და როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის საპროცენტო განაკვეთები მერყეობს 30%-დან 49%-მდე. კვლევებიდან ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს „ლიბერთის“, ეს არის რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. ბუნებრივია, შესაძლოა, ეს მისაღები ან მიუღებელია, თუმცა როცა პრობლემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ რა განაპირობებს და შესაძლებელია თუ არა მისი მოგვარება. ფაქტია, 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები არიან მაღალი რისკის მქონეები და მათთვის სესხის პროცენტი უფრო მაღალი იქნება, რაც ლოგიკურია“, - აცხადებს კაპანაძე.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. “ლიბერთი” ამ ექსკლუზიურ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, ამ ტენდერში სხვა არცერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის.

როგორც ცნობილია, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთო, კერძოდ, სპეციალური უწყებათშორისი კომისია შექმნა, რომელმაც პირველი სხდომა აგვისტოში გამართა და სადაც ყურადღება სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე გამახვილდა.

ცნობისთვის: ახალი სატენდერო პირობების პროექტი, ჯერჯერობით, საჯარო არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები