მიმდინარე კვირას ლიბერთის მხარდაჭერით პროექტის "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის", მეორე ციკლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. 22-მა გამარჯვებულმა ჯამურად 500 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო, რომელიც სრულად მათი ბიზნესიდეისა თუ უკვე არსებული საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას მოხმარდება. ლიბერთი ამ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მათი მხრიდან მეწარმეების ფინანსური განათლების სამეტაპიანი პროგრამაც კი ჩაეშვა. პროექტის დეტალებისა და ლიბერთის ჩართულობის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში უჩა ვარამაშვილი და ირაკლი აბაშიძე საუბრობენ.
“პროექტის მეორე ციკლის განმავლობაში, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დამატებით 856-მა ახალგაზრდა მეწარმემ, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს რეგიონებში (მოგეხსენებათ, პროექტი 4 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტს ფარავს), მიიღო მონაწილეობა და გადამზადდა ფუნდამენტური ტრენინგის მეშვეობით. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ ისწავლეს, თუ როგორ გააკეთონ ბიზნესიდეის ფორმირება.
გარდა ამ დიდი რიცხვისა, ჩვენ გვყავს 75 ადამიანი, რომელმაც სიღრმისეული ტრენინგების კურსი გაიარეს და დარგის ექსპერტებთან ერთად უკვე მოამზადეს ბიზნესგეგმა, რომლის დახმარებითაც ჩვენს საგრანტო კონკურსებსა და დაფინანსების სხვა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა”, განმარტავს უჩა ვარამაშვილი, RDYE-ის პროექტის კოორდინატორი.
მისივე განმარტებით, პროექტის მონაწილეების შერჩევისა და გადამზადების პროცესში ჩართულები იყვნენ მუნიციპალური ორგანიზაციები, სპეციალურად გადამზადებული ტრენერები და მენტორები.
“მეორე ციკლის ფარგლებში, იმ 32 ახალგაზრდა მეწარმეს, რომლებმაც პირველი ციკლის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება, კიდევ 22 მეწარმე დაემატათ, რომლებმაც ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი ლარის დაფინანსება მიიღეს სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მეურნეობების მიმართულებებით და წამოიწყეს ან გააფართოვეს თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა”, - ამბობს უჩა ვარამაშვილი.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის მასშტაბებზე BMGTV-ის ეთერში ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე, ირაკლი აბაშიძეც საუბრობს.
“იმ 4 რეგიონში, რომლებიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში 18-დან 35 წლამდე ჯამში 2000-მდე ახალგაზრდა გადამზადდა, რომლებმაც უკვე მიიღეს გამოცდილება, თუ როგორ აწარმოონ ან მართონ ბიზნესი. მათგან 200-მა ადამიანმა კი უკვე სიღრმისეული ტრენინგები გაიარეს. 200 ადამიანიდან 60-მა უკვე მიიღო დაფინანსება, რომელმაც ჯამურად მილიონ-ნახევარს მიაღწია.
ლიბერთისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ახალგაზრდებს ვაძლევთ განათლებას. გარდა ამისა, ლიბერთის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესი, ზუსტად მათ ვაძლევთ განათლებას და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. ვქმნით მათზე მორგებულ პროდუქტს, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბენეფიციარს არ ჰქონდა თანადაფინანსება, ლიბერთი მას ფონდით აფინანსებს”, - ამბობს ირაკლი აბაშიძე.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს.