ქართული კონცეპტუალური ბრენდი MAIZEN სააღდგომოდ ლიმიტირებულ კოლექციას წარადგენს, სადაც ტრადიციული პასკა და იტალიური პანეტონე თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინთან ერთიანდება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ნატალი გურიელი BM.GE-სთან ამბობს, MAIZEN Easter Collection 2026 არა მხოლოდ დესერტია, არამედ კულტურული და ესთეტიკური გამოცდილება, რომელიც გემოსა და ისტორიას აერთიანებს.
გურიელის განმარტებით, ბრენდის სააღდგომო კოლექცია ყოველწლიურად განსხვავებული კონცეფციით იქმნება და აერთიანებს როგორც კულინარიას, ისე ვიზუალურ ხელოვნებას. წელს მთავარი აქცენტი გაკეთებულია ტრადიციული პასკის გარდაქმნაზე - პროდუქტი წარმოდგენილია როგორც დიზაინერული ობიექტი, რომელიც ერთდროულად არის საკვები და საჩუქარი.
“ქართული ტრადიციული პასკა სტანდარტული შეფუთვით 65 ლარი ღირს, ხოლო სპეციალური, ტილოს შეფუთვითა და ბრენდირებული პარკით მისი ფასი 105 ლარს აღწევს. ამასთან, კომპანიას წარმოდგენილი აქვს იტალიური ტექნოლოგიით, ბუნებრივი საფუვრით დამზადებული პანეტონეების ხაზი, რომლის ფასიც 80 ლარიდან იწყება და 165 ლარამდე მერყეობს. ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერი, ფისტაჩიოს პანეტონე წელს 165 ლარი ღირს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10 ლარით გაზრდილი ფასია”, - თქვა მან.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ფასების ზრდა ნედლეულის გაძვირებამ განაპირობა : „საქართველოში ყველაფერი გაძვირდა, როგორც ინგრედიენტები, ისე წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენ რამდენიმე საწარმოსთან ვთანამშრომლობთ და მათთანაც გაიზარდა თვითღირებულება, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახა“, - ამბობს გურიელი.
მიუხედავად გაძვირების ტენდენციისა, MAIZEN-ის სააღდგომო პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია. გაყიდვები 16 მარტიდან დაიწყო, წინასწარი რეზერვაციებითა და კორპორატიული შეკვეთებით კი კომპანიამ მნიშვნელოვანი მოცულობა უკვე აითვისა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაღალი მოთხოვნის გამო, პროდუქციის ნაწილი, მათ შორის შოკოლადის ხაზიც, რომელიც დროებით შეზღუდული იყო.
ნატალი გურიელის ინფორმაციით, კოლექციის ვიზუალური ნაწილი შექმნილია ქართველი დიზაინერის, სოფიო გონგლიაშვილი ნამუშევრების მიხედვით, სადაც გამოყენებული სიმბოლოები, თეთრი ცხენი, ვარდი და ცისფერი ტონალობა აღდგომის იდეებს, განახლებას და თავისუფლებას ასახავს. გასტრონომიულ ნაწილზე კი კონდიტერი ირაკლი კახიძე მუშაობდა, რომელმაც სპეციალურად ბრენდისთვის უნიკალური პანეტონეები შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ქართული კონცეპტუალური ბრენდის MAIZEN-სთვის 2026 წელი გაფართოებისა და განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად მოიაზრება. კომპანია გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ საკუთარი კონცეფციის გაღრმავებას და მომხმარებლისთვის გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სიახლე აბაშიძის ქუჩაზე ახალი Matcha Bar-ის გახსნა იქნება, რომელიც განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. პარალელურად, კომპანია კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის დამატებასაც გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის იქნება. ასორტიმენტის მიმართულებით, MAIZEN 2026 წელს გააგრძელებს განვითარებას lifestyle სეგმენტშიც - მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ პროდუქტებს, ბრენდებსა და ლიმიტირებულ კოლექციებს. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე lifestyle ბრენდი, რომელიც სცდება მხოლოდ კაფეს ან მაღაზიის ჩარჩოებს და ქმნის კულტურას, გამოცდილებასა და ახალ სტანდარტს რეგიონულ ბაზარზე.




























