მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6.7 მილიარდი ლარის საინვესტიციო დავები - საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

63f724f356dcd
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.23 13:12
1728
დღეს საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დავებში მოთხოვნილი კომპენსაციის საერთო მოცულობა 6,735,568,440 ლარს შეადგენს.

მოთხოვნილი კომპენსაციები ყველაზე დიდი იმ საქმეებშია, რომლებშიც ინვესტორები სახელმწიფოს მხრიდან მიყენებულ ზიანზე დავობენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ წააგო ორი პარალელური დავა Inter Rao-სთან. საქმე ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) და სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში განიხილებოდა. ერთ დავაში საქართველოს 76 მილიონის, მეორეში კი 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

2022 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, მოთხოვნილი კომპენსაციაც სავარაუდოდ, ასობით მილიონ დოლარს აღემატება.

BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტულ მიმდინარე დავებში მოთხოვნილი კომპენსაციების შესახებ:

• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
• “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
• "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
• “ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ “კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონის ფინანსური ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციების გადახდა მოუწევს. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტრომ ამ დავებთან დაკავშირებული ფისკალური რისკები შეაფასა და ის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დაურთო.

რატომ მიდიან ინვესტორები არბიტრაჟში?

როგორც წესი, საარბიტრაჟო დავები მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. მათში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელეს უცხოური კომპანიები წარმოადგენენ. ამ ინვესტორებს არბიტრაჟისადმი მიმართვის შესაძლებლობას საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აძლევს.

მაგალითად, საქართველოს აქვს ინვესტორთა უფლებების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები აშშ-სთან, ნიდერლანდებთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან. მათ შორის ზოგიერთი ასეთი ხელშეკრულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე უფრო ფართოა და ინვესტორებს მეტ უფლებებს ანიჭებს.

ოფშორები და შუამავალი კომპანიები ამ მხრივ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებენ და პოტენციურად სარისკოს ქმნიან. მაგალითად, რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიელი ინვესტორის სტატუსით დავობს. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ კომპანია საქართველოში ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ოპერირებდა. ზოგიერთ შემთხვევაში მომჩივანი ქართველი ინვესტორია, ხოლო საქმეს არბიტრაჟი განიხილავს იმიტომ, რომ ინვესტორი ოპერაციებს ოფშორული ზონის იურიდიული პირით ახორციელებდა. შესაბამისად, ქაღალდზე დავა პანამელ ან კაიმანელ ინვესტორთან მიმდინარეობს.

მსხვილ საინვესტიციო პროექტებში როგორიცაა ახალი აეროპორტის, პორტის თუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებში ყოველთვის არის მუხლი იმის თაობაზე, რომ მხარეები თანხმდებიან რომ სადავო საკითხები საერთაშორისო არბიტრაჟის გზით გადაჭრან. ხშირ შემთხვევაში მითითებულია კიდეც რომელი საარბიტრაჟო იურისდიქცია უნდა იყოს ასეთი დავების განხილვის სივრცე, იქნება ეს ICSID-ი, სტოკჰოლმის ტრიბუნალი, ICC-ის არბიტრაჟი თუ სხვა.

ათობით მილიონი ლარი იურისტების დაქირავებისთვის

საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 84 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 19 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 11 მილიონი ლარი არის გადახდილი. მთლიანობაში 2022 წლის შემდეგ არბიტრაჟებისთვის უცხოელი იურისტების კონტრაქტების მოცულობა 115 მილიონი ლარს აღემატება.

იურიდიული მომსახურების მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული დავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარეობს, სადაც კომპანია White & Case-ის სერვისში მთავრობამ უკვე 24.6 მილიონი ლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები