მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 ძირითადი გამოწვევა განათლების რეფორმაში - რა თქვა კობახიძემ პრეზენტაციაზე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა. მან 7 ძირითად გამოწვევაზე/ამოცანაზე ისაუბრა განათლების რეფორმის ფარგლებში.

1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია.

"დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა მათ შორის მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი. რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“.

2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანასწორობა.

"საქართველოში გვაქვს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში თავისი არსით ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას. როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობაც, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები, ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას. ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა".

3. უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკა.

„რაც შეეხება მე-3 გამოწვევას, ეს არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. რეალურად, ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, თუმცა უსისტემობის პირობებში, სამწუხაროდ, ეს არ არის უზრუნველყოფილი.
ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან მწყობრ სისტემას. ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, რაც, ბუნებრივია, სწავლების და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ასევე, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთ პირობებში ძნელია მოსთხოვო პასუხი კონკრეტულ პედაგოგებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სახელმძღვანელოების განვითარებაზე, კვლევაზე და ა.შ. ჩვენ გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა, მაგალითად, ეს არის ტექნიკური დარგები, თუმცა არამარტო, სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა იმისათვის, რომ შეივსოს არსებული ვაკუუმი. ამისათვისაც არანაირი მწყობრი სისტემა არ არსებობს“.

4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.

კვლევა უნივერსიტეტებში არ წარმოებს იმ მასშტაბით, როგორც უნდა წარმოებდეს. ჩვენთან მოქმედებს მეცნიერების დაფინანსების სრულიად განცალკევებული სისტემა, რომელიც არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტის მიზნებთან და ამოცანებთან და ამასაც ცვლილება სჭირდება. აკადემიურ პერსონალსაც არა აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები კვლევის და მეცნიერების სფეროში, მაგალითად სახელმძღვანელოების მომზადების სფეროში. ამის შედეგია რომ ჩვენ არ გვაქვს სასწავლო პროგრამებში მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და მაღალი დონის სახელმძღვანელოები. მე თსუ-ში ვასწავლი და იქ ორი ძირითადი საგანი გვაქვს: კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები, ამ ორიდან კი ერთ-ერთში თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო საერთოდ არ არის".

5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.

„ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ, თუ როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენა ხშირ შემთხვევაში არის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგიც კი. წინასწარ არავის აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ეს ყველაფერი. ამის შედეგია ის, რომ ხშირად, იურისტი, მაგალითად, ამთავრებს თავისი სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, იგივე ეხება ეკონომისტებს და ა.შ. აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა. წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება".

6. დაფინანსების გაუმართავი სისტემა.

"დღეს გვაქვს საგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითეულ სტუდენტზე და ამ ვაუჩერის, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, მოჭრილი 2 250 ლარია გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს. ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე - დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული. სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის დღეს არავითარი კავშირი არ არსებობს. ესეც საჭიროებს გამოსწორებას".

7. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება. საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოწვევა. ასევე კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ყველა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, გამოწვევები და ამასაც სჭირდება სახელმწიფო რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები