მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾7 მილიონის ინვესტიციით, წილკანში ლოკოკინების ქარხანა გაიხსნა, დასაქმდა 100 ადამიანი

62a992c34bcff
მარიამ იზორია
15.06.22 21:55
1561

სოფელ წილკანში 7 მლნ ლარის ინვესტიციით TIMEO-ს ლოკოკინების გადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა. ქარხანას უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. საწარმო, რომელიც ამ ეტაპზე 100 ადამიანს ასაქმებს, წლიურად 1000 ტონა ლოკოკინის გადამუშავებას შეძლებს.

როგორც BM.GE-ს TIMEO-ს დამფუძნებელმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა, კომპანია ორ პროდუქტს - ორჯერადად მოხარშულ ლოკოკინის ხორცს და სტერილიზებულ ნიჟარებს აწარმოებს, რომლებსაც საექსპორტო პარტნიორებს მიაწოდებენ.

გიორგი ქადაგიძე სახელმწიფოს ჩართულობაზეც საუბრობს - მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა შეიტანეს.

აღსანიშნაია, რომ „ტიმეო“ ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში, 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.

"ტიმეოს" ლოკოკინების გადამმუშავებელი ქარხანა ოფიციალურად გავხსენით. ჩვენი მიზანია, წლიურად 1000 ტონა ლოკოკინა გადავამუშაოთ და პროდუქტი სრულად ექსპორტზე გავიტანოთ. ეს ძალიან პერსპექტიული ბიზნესია, ბაზარი ნიშურია, თუმცა ძვირადღირებული. ჩვენ ვაწარმოებთ რაღაცას არც თუ ისე დიდი რაოდენობით, გაგვაქვს ექსპორტზე და, საბოლოოდ, ქვეყანაში რამდენიმე მილიონის შემოსავალი შემოგვაქვს. ამასთან, ვასაქმებთ 100 თანამშრომელს და წარმადობის გაზრდასთან ერთად, მათი რაოდენობაც გაიზრდება.

ხაზი უნდა გავუსვა სამინისტროების ჩართულობასაც - ლევან დავითაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს ლოკოკინის ევროკავშირში ექსპორტის უფლება აქვს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და ილია დარჩიაშვილის დახმარებით, ჩვენ ფრანგი კლიენტები გვაქვს. მარტო ამას ვერ შევძლებდით, რადგან რთული იყო ამ ხალხისთვის დაგეჯერებინა, რომ გუშინ გაჩენილი კომპანია აპირებს საქართველოში ეს მიმართულება განავითაროს“, - ამბობს TIMEO-ს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ლოკოკინების გადამმუშავებელი ქარხანა ველურ ლოკოკინას მოსახლეობისგან იბარებს. კილოგრამის ჩასაბარებელი ფასი 1.30 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები