“ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2025 წელი გაყიდვებით კომპანიის არსებობს ისტორიაში რეკორდული წელი იყო. ასე შეაფასა ვასილ ფხაკაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანიის შედეგები.
მისი ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის, დეველოპერულ კომპანიას პორტფელში 7 მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი აქვს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მლნ დოლარია. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი მომავალ წელს 2 ახალი პროექტის დაწყებასაც აანონსებს.
„ზოგადად, 2025 წელს ძალიან დადებითად ვაფასებთ. დეველოპერულ ბიზნესს ძალიან კარგი ზრდა ჰქონდა. კონკრეტულად „ბიოგრაფი ლივინგის“ ჭრილში შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 7 მიმდინარე პროექტი გვაქვს და კიდევ 2 ახალი პროექტი გვაქვს დაანონსებული, რომელსაც 2026 წლის I კვარტალში დავიწყებთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში არის დაახლოებით სამი-ოთხი პროექტი, რომელიც ასევე მომდევნო წელს ჩაეშვება და შესაბამისად, მომდევნო წლის ბოლოს უკვე დაახლოებით 12-დან 15-მდე მიმდინარე პროექტი გვექნება“, - აღნიშნა ვასილ ფხაკაძემ.
კითხვაზე - რამ განაპირობა პორტფელის ასეთი ზრდა, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაყიდვების მზარდ დინამიკას ასახელებს.
„პასუხი მარტივია - ჩვენ ვხედავთ მოთხოვნას ჩვენს პროდუქტზე, ჩვენ ვხედავთ რიცხვებს, რასაც თითოეული ჩვენი პროექტი კიდევ უფრო ამტკიცებს და აუმჯობესებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოტივაცია, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ბიზნესი, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავიწყოთ და ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა გავამართლოთ. გაყიდვები სწორედ ის პარამეტრია, რაც განაპირობებს და არის მთავარი სიგნალი ჩვენთვის, რომ დავიწყოთ და ახალი პროექტები კიდევ ჩავუშვათ. გაყიდვების ის ტრენდი, რაც კომპანიამ 2025 წელს „ბიოგრაფის“ არსებობის ისტორიაში რეკორდული შედეგი აჩვენა.
ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბაზარზე აშკარად ხარისხიანი პროდუქტის ნიშა და მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენ პირველივე დღიდანვე გავაკეთეთ განაცხადი, რომ შევქმნიდით განსხვავებულ, გამორჩეულ, ხარისხიან პროდუქტს. სწორედ ეს არის ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ხალხი ირჩევს „ბიოგრაფს“, რის გამოც ჩვენი პროექტები დებს ასეთ კარგ პერფორმანსს“, - აცხადებს ფხაკაძე.
მისი შეფასებით, დეველოპერულ ბაზარზე ნიშურ, მაღალ ხარისხიან საცხოვრებელზე მოთხოვნა დიდია და გაყიდვების ზრდის დადებითი დინამიკის განმაპირობებლად, ვასილ ფხაკაძეს სწორედ, „ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელი კომპლექსების კონცეფცია მიაჩნია.
„გარდა ხარისხისა, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და რაც გამოიხატება სამშენებლო მასალებში, ჩვენი პროექტები დაფუძნებულია 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზე, რაც ნიშნავს ყველა საჭირო სერვისის მიღებას სახლიდან გაუსვლელად. ამაში ჩვენ გვეხმარება ის ფაქტი, რომ ჩვენ არცერთ ჩვენს პროექტში კომერციულ უძრავ ქონებას არ ვყიდით და არ ვასხვისებთ, ანუ, ის რჩება ჩვენს მფლობელობაში, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ის ბრენდები, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში შემოდიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს წარმატებულ, პრემიალურ ბრენდებთან, რომლებიც იმ ეკოსისტემის ნაწილი ხდებიან, სადაც ჩვენი მობინადრეები ცხოვრობენ. ამაში ასევე „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია, ემ-პი დეველოპმენტი გვეხმარება, რომელიც საქართველოს მასშტაბით კომერციულ უძრავ ქონებას დამოუკიდებლად ავითარებს, რაც რა თქმა უნდა, დამატებითი სარგებელია ჩვენი მობინადრეებისთვის. მაგალითისთვის, ჩვენი პირველი პროექტი „საკენი“, სადაც დედაქალაქში „ოკტოპუსის“ ყველაზე დიდი დარბაზი, 25-მეტრიანი აუზით, განთავსდება; ერთ-ერთი ყველაზე პრემიალური სუპერმარკეტი ჩვენს დედაქალაქში, „სოლოს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაუნჯი და ბევრი სხვა წარმატებული ბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხელს უწყობს ჩვენი მობინადრეების კომფორტს და 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის შევსებას“, - ამბობს „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ 2022 წლის ბოლოს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან ბიზნესმენი ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები და თამარ გამგონეიშვილი. დირექტორი კი ვასილ ფხაკაძეა. დღეისთვის, კომპანია დედაქალაქში 7 დეველოპერულ პროექტს ავითარებს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორის თქმით, 500 მლნ დოლარია.
კომპანიის გაცხადებული ხედვით, თითოეული პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო პროდუქტსა და სერვისთან.
"ბიოგრაფი ლივინგის" დეველოპერული პროექტები:
- "საკენი“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე საოფისე და კომერციულ ფართებს, 390 აპარტამენტს, 7 პენტაუსს აერთიანებს;
- "მატიანი“ აკაკი წერეთლის გამზირზე შენდება და კომერციულ და საოფისე ფართებს, 312 აპარტამებს და გასართობ სივრცეებს აერთიანებს;
- "ჰისნი“ ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარეობს და კომერციულ და საოფისე ფართებთან ერთად 510 აპარტამენტს მოიცავს;
- "შანტანი“ მაიაკოვსკის ქუჩაზე შენდება და კომერციულ ფართებს, 215 აპარტამენტს და რეკრეაციულ სივრცეებს აერთიანებს;
- "ბარე“ ავლაბარში, ნიკო ლომოურის ქუჩაზე მდებარეობს და საპარკინგე, კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავს;
- "დაირა“ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე აშენდება;
- "მოზაიკა“ საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩის N10-ში მდებარეობს;
რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, ესენია:
- "ლიბრეტო" - ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე აშენდება;
- "გარდანი" გლდანში, ალექსი გობრონიძის ქუჩაზე მდებარეობს.




























