2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიას 521 086 ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წლის პირველ 7 თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი) 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებით კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 31%-ით არის გაზრდილი.
„საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, საამიროები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.