მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გააძევეს, უფრო მეტი ვიდრე 2024 წელს ჯამურად

მიგრაცია

2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გააძევეს.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ამ პერიოდში გაძევებული პირების რაოდენობა 233%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან 7 თვეში უცხო ქვეყნის დაახლოებით 274 მოქალაქე გააძევეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2024 წელს ჯამურად საქართველოდან უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე იყო გაძევებული, ანუ წელს 7 თვეში უცხო ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე გააძევეს, ვიდრე სრულად 2024 წლის განმავლობაში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ივნისში მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე, ბოლო დღეებში კი 15 ქვეყნის 36 მოქალაქის გააძევა. ბოლო დღეებში გაძევებული პირები აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები