მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

70-ზე მეტი ინვესტორი, 1 500 დელეგატი - თბილისი Global Investors Forum-ს მასპინძლობს

თბილისი Global Investors Forum 2025-ს უმასპინძლებს: სტრატეგიულ პლატფორმას, რომელიც GCC-ს ევრაზიასთან აკავშირებს

თბილისი Global Investors Forum-ს (GIF 2025) მასპინძლობს - წამყვან ეკონომიკურ პლატფორმას, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნებსა და ევრაზიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ღონისძიება 4 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდება.

ინიციატორებს ერთიანი საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნა სურთ, რომელიც დააჩქარებს ზრდას, გაამყარებს ეკონომიკურ კავშირებს და გააფართოებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობებს.

ორდღიანი ფორუმი პანელურ დისკუსიებს, საინვესტიციო პრეზენტაციებს და მაღალი დონის ბიზნეს-სესიებს მოიცავს, რომელშიც 1,500-ზე მეტი დელეგატი, 70-ზე მეტი ინვესტორი და 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ფოკუსი 5 საკვანძო სექტორზეა: მდგრადობა და ტექნოლოგიები, ტურიზმი, ციფრული აქტივები და მათი დაცვა, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, აგროტექნოლოგიები და სასურსათო უსაფრთხოება.

GIF 2025-ის ფარგლებში გაფორმდება მსხვილი საინვესტიციო შეთანხმებების სერია, რომელთა საერთო ღირებულება ასობით მილიონ დოლარს გადააჭარბებს, განსაკუთრებული აქცენტი კი მწვანე პროექტების განვითარებაზე და განახლებად ენერგიასა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინოვაციების დაფინანსებაზე გაკეთდება.

ფორუმი, რომელიც საქართველოსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურად გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს, საფუძველს უყრის სტრატეგიულ პარტნიორობებს და მსხვილი საერთაშორისო ურთიერთგაგების მემორანდუმებს, პროექტების მფლობელებსა და კერძო საინვესტიციო ინსტიტუტებს შორის, სხვადასხვა არაბული და უცხოური, მათ შორის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი სახელმწიფოებიდან. აღნიშნული შეთანხმებები მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო დაფინანსებისა და თანამშრომლობის არხების შექმნას ისეთ მნიშვნელოვან საინვესტიციო სექტორებში, როგორებიცაა: სუფთა ენერგია, მდგრადი ტექნოლოგიები, სამედიცინო ტურიზმი, ჭკვიანი ინფრასტრუქტურა და ციფრული სოფლის მეურნეობა.

ღონისძიებაში საერთაშორისო ეკონომიკის ლიდერები და გლობალური პოლიტიკის გამორჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ.

“ფორუმის მიზანია ინვესტიციების გადაადგილება იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც ამას იმსახურებენ. პირველი ღონისძიებისთვის ჩვენ ავირჩიეთ საქართველო, როგორც საპატიო ქვეყანა, იმიტომ, რომ საქართველო ახლა საპილოტე როლს თამაშობს ინვესტიციების დერეფნის შექმნაში ერთდროულად მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონის მიმართულებით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის შესაძლებლობები უზარმაზარია ყველა იმ ასპექტით, რაც მას გააჩნია: დაწყებული მზის და მწვანე ენერგიით, დამთავრებული ტურიზმით, ხელოვნური ინტელექტით, სოფლის მეურნეობის ჰაბით და შესანიშნავი ამინდით ტურიზმისთვის. ეს ფორუმი გადაინაცვლებს სხვა ქვეყნებშიც, რათა ჩამოყალიბდეს ახალი სტილი, ტენდენცია, ღონისძიებებისა და ინვესტიციების განხორციელებისთვის პარტნიორ ქვეყნებში”, - ამბობს BMG-სთან AGI Holding-ის თავმჯდომარე, Global Investors Forum-ის დამფუძნებელი სადედინ მნეიმნე.

“სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს” წევრი რაკად ჰანა კი ამბობს, რომ კავშირების დამყარება და ახალი თანამშრომლობის გზების ძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოწვევებითა და გაურკვევლობით სავსე სამყაროში:

“ეს არის შესანიშნავი ფორუმი გლობალური ინვესტირების მიმართულებით, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს და ინვესტორებს სხვადასხვა სექტორიდან იზიდავს. იქნება ეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, უძრავი ქონება, დაზვერვა და სხვა. ასე რომ, ეს არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ინვესტორებს, რაც ასე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების დროს.

ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში დიდი ცვალებადობაა და გაურკვევლობაა. გამოწვევაა მაკრო სტაბილურობა რეგიონში. თუმცა, ეს კავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ცვალებადობის შესამცირებლად და კავშირის გასაძლიერებლად მშვიდობის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობისკენ”, - აცხადებს რაკადა ჰანა.

“საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს” თავმჯდომარე კი სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

“ჩვენ დავაარსეთ საუდის არაბეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო ორი წლის წინ, აბრეშუმის გზის ფორუმზე და მას შემდეგ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვიარეთ საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების კუთხით. მომავალ წელს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიის, სამთო მოპოვების სფეროებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალიან კარგი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ის აკავშირებს აზიას ევროპასთან და კარგი დერეფანია ლოგისტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გამო ბიზნესის ზრდისთვის. მეორე მხრივ, საქართველოს აქვს უამრავი რესურსი, რომელიც საინვესტიციოდ შეიძლება განიხილებოდეს. ამიტომაც დაინტერესებული ვართ, რომ აქაურ ბიზნეს საზოგადოებასთან ბიზნეს კავშირები გვქონდეს”, - აცხადებს “საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს” თავმჯდომარე აჰმედ ალ-დაჰილი.

ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად მზარდია - ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები იზრდება, რაც $6 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტებით არის მხარდაჭერილი. ბოლო მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, საქართველოს და არაბულ ქვეყნებს შორის საერთო ვაჭრობის 63%-ზე მეტი მოდის, ხოლო ინვესტიციების მხრივ, ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) 5%-ს შეადგენს, რაც UAE-ს საქართველოს მეექვსე უმსხვილეს გლობალურ ინვესტორად აქცევს.

GIF 2025 ორგანიზებულია EurAsia Gulf-თან სტრატეგიული პარტნიორობით, ხოლო ღონისძიების მთავარი პარტნიორია AGI Holding. ფორუმს ასევე მხარს უჭერენ საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) და ჰონკონგისა და ახლო აღმოსავლეთის ბიზნესპალატა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები