2025 წლის პირველ 10 თვეში თბილისის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების 73% შიდა განვადებებზე მოდის - ამის შესახებ კვლევის შედეგები „თიბისი კაპიტალმა“ კონფერენცია GREMO-ზე წარადგინა.
როგორც მათ მიერ მომზადებული ანალიტიკა აჩვენებს, იპოთეკით ბინას მომხმარებელთა მხოლოდ 7% ყიდულობს, ნაღდი ანგარიშსწორებით კი 20%.
მსგავსი ტენდენციაა ბათუმის ბაზარზეც. გაყიდვის არხებში 73%-იანი მაჩვენებლით შიდა განვადებებია, რომელსაც 12%-ით იპოთეკა, 15%-ით კი ნაღდი ანგარიშსწორება მოჰყვება.
რაც შეეხება მყიდველების გადანაწილებას, დედაქალაქში უძრავი ქონების მყიდველთა 70%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, ემიგრანტების წილი 12%, სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი 18%-ს შეადგენს.
დედაქალაქში ბინას საცხოვრებელი მიზნობრიობით 80% ყიდულობს, საინვესტიციოდ კი 20%.
საპირისპირო ტენდენციაა ზღვისპირეთში. ბათუმში ახალი ბინების 71%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ, ემიგრანტების წილობრივი მაჩვენებელი 3%, საქართველოს მოქალაქეების კი 26%-ია. 85%-ში ბინის შეძენის მოტივი მისი გაქირავება, 15%-ში კი ცხოვრებაა.
2025 წლის 10 თვეში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $4.5მილიარდს მიაღწია და წლიურად 17%-ით გაიზარდა. საქართველოს ბაზრის დაახლოებით 68%-ს თბილისი წარმოადგენს. წლის პირველ 10თვეში თბილისში ტრანზაქციების რიცხვი 3%-ით გაიზარდა და 33,217 ერთეული შეადგინა.




























