უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაციის მთავარ სქემად შიდა განვადებები რჩება. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, სექტორში ბინების 60-70% სწორედ დეველოპერების შიდა განვადებების სხვადასხვა სქემებზე მოდის.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა BMG-ს ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026-ის ფარგლებში განუცხადა, ამ ეტაპზე უძრავი ქონების დარგის სტაბილურობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მკვეთრი რისკები არ ჩანს, თუმცა აუცილებელია პროცესების მუდმივი მონიტორინგი, რადგან დეველოპერების შიდა განვადებები ფაქტობრივად, საკრედიტო პორტფელს წარმოადგენს.
„როგორც წესი, [გაყიდვების] უფრო დიდი ნაწილი შიდა განვადებების არის, თუმცა რაც უფრო იზრდება პრემიალური სეგმენტი, შიდა განვადებების წილი შედარებით იკლებს და აქ უფრო პირდაპირი გაყიდვის ტენდენცია იზრდება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ისევ შიდა განვადების წილი არის საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 60-70% გაყიდვებში.
რისკი არის იმ შემთხვევაში, თუკი შიდა განვადებების მონიტორინგი არ იქნება ჯეროვანი. საკრედიტო პორტფელს თავისი რისკი ყოველთვის ახლავს. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შიდა განვადებები გარკვეული ფორმის საკრედიტო პორტფელია და მას სჭირდება ჯეროვანი მონიტორინგი, გაცემის ჯეროვანი წესები და დაკვირვება, რა მუშაობს, რა - არა.
ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს ახლა უზარმაზარი რისკია, თუმცა ამაზე ფიქრი და დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი უძრავი ქონების ბაზრის სიჯანსაღისთვის.
შიდა განვადება დღეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც, ერთის მხრივ, ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ ბინა და მეორეს მხრივ, საერთოდ აადვილებს წვდომას. როდესაც გაადვილების მექანიზმი შემოდის, აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თვალი უნდა გვეჭიროს, რაიმე სიგნალები ხომ არ არის ბაზარზე, რომელიც გვანიშნებს, რომ შეიძლება, რისკის ზონაში შევდიოდეთ.
ამ ეტაპზე ამ სიგნალებს ვერ ვხედავთ, თუმცა იმისათვის, რომ ეს რისკი რაც შეიძლება, მინიმუმამდე დავიდეს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალე ეს მონაცემები, კარგად რეგისტრირებული, აღრიცხული და თავად კომპანიები ფლობდნენ საკმაოდ კარგ წარმოდგენას, თუ რისგან და ვისგან შედგება მათი პორტფელი“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
























