მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან, რომლის პრეზიდენტსაც კობახიძე შეხვდა?

ფეზეშქიანთან შეხვედრა

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ თანამშრომლობას.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას ირანთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების შესახებ, რომელიც არც ისე მოცულობითია იმ ფონზე, რომ მნიშვნელოვნად არის ლიმიტირებული ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და საერთაშორისო სანქციების გამო.

ვაჭრობა

ირანთან სავაჭრო ბრუნვამ წელს რეკორდულ 331.3 მლნ დოლარს მიაღწია. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ირანთან ვაჭრობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებული წლიური მაჩვენებლები. შედარებისთვის, 2024 წელს ორი ქვეყნის წლიური სავაჭრო ბრუნვა 321.8 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2025 წელს 290.6 მლნ დოლარი.

მატება ძირითადად ასევე რეკორდულ ექსპორტს უკავშირდება, რომელიც 748%-ით, 162 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა. წელს, 8 თვეში ირანში 129 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა, მაშინ, როდესაც 2025 წელს ჯამურად ავტომობილების ექსპორტი 4.5 მლნ დოლარი იყო.

იანვარ-აგვისტოში TOP 10 საექსპორტო საქონელი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები — 129.2 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები — 18.2 მლნ აშშ დოლარი
  • ხე-ტყის მასალა — 3.8 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით — 1.7 მლნ აშშ დოლარი
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები — 1.4 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარეტები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან — 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ქერი — 0.8 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები — 0.5 მლნ აშშ დოლარი
  • ხელსსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი — 0.5 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები — 0.3 მლნ აშშ

8 თვის მონაცემებით, ირანიდან იმპორტმა 169.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 2%-იანი წლიური ზრდაა. ძირითადი საიმპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი — 18.4 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში — 12.1 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ხუნწებად — 10.9 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე — 10.1 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით — 9.2 მლნ აშშ დოლარი
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან — 8.5 მლნ აშშ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან — 7.6 მლნ აშშ დოლარი
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი — 6.2 მლნ აშშ დოლარი
  • მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით — 5.7 მლნ აშშ დოლარი
  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით — 5.5 მლნ აშშ დოლარი

FDI

ირანიდან საქართველოში პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა. მაქსიმალურ ოდენობას, $8.2 მილიონს კი 2018 წელს მიაღწია. 2024 წელს პირდაპირი ირანული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -$652.3 ათასი იყო. 2025 წლის მონაცემებით კი საქართველოში $1.5 მილიონის FDI შემოვიდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, I კვარტალში უარყოფითი ნიშნით იყო და -$226.9 ათასი შეადგინა, ხოლო II კვარტალში $1.2 მლნ.

ტურიზმი

ირანიდან ვიზიტები კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეზე. მაჩვენებელი 2022-2024 წლებში მზარდი იყო, შემდეგ კი შემცირდა. ირანის წილი ქართულ ტურიზმში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, ომის ფონზე, ვიზიტორთა რიცხვის 49%-იანი და შემოსავლების 65%-იანი შემცირების შედეგად, საქართველომ 29 397 ირანელი ვიზიტორისგან 19.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

საგულისხმოა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და მეორადი სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ირანული ავიაკომპანიების ბოლო რეისები თბილისის აეროპორტში 2026 წლის 20 სექტემბერს შესრულდა, 21 სექტემბრიდან კი საქართველოდან ფრენები სრულად შეწყდა.

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანიდან საქართველოში ოფიციალური ფულადი გზავნილების მიღება 2024 წლის შემდეგ არ ფიქსირდება და სტატისტიკურად ნულოვან მაჩვენებელზეა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციებისა და SWIFT სისტემიდან ირანული ბანკების გამოთიშვის გამო, ოფიციალური და სწრაფი საბანკო სისტემებით ოპერირება შეუძლებელია. შესაბამისად, ისეთი სისტემები, როგორიცაა Western Union, MoneyGram ან პირდაპირი SWIFT გადარიცხვა, ირანის მიმართულებით არ მუშაობენ.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა და 2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12 800-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები