მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$76 000-იანი "ღვინის სოფელი" ყვარელში, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დაიწყება

5dbaed5873784
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 09:45
8980
ბაზარზე მეღვინეობის მოყვარული ბიზნესმენებისთვის ახალი პლატფორმა, ტურისტულად აქტიური ზონა – "ღვინის სოფელი" გამოჩნდა. როგორც BM.GE-ს პროექტის განმახორციელებელი კომპანია 7S-ის დამფუძნებელმა გიორგი ბეგაძემ განუცხადა, პროექტი კახეთში, კერძოდ ყვარელში მოეწყობა, ხოლო მისი ღირებულება ჯამში $76 000-ის ექვივალენტი ლარშია.

კერძოდ, პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია მეღვინეობით დაინტერესებულ პირებს ყვარელში ვენახის გასაშენებლად და კოტეჯის მოსაწყობად სპეციალურად განკუთვნილ ადგილმდებარეობას სთავაზობს.

მიმდინარე წლის ნოემბერში "ღვინის სოფლის" გზის, კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება და ზამთარში ჯამში, 20 ნაკვეთის რეზერვაცია დასრულდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. 20 კოტეჯი სამომავლოდ, შესაძლებელია 50-მდე ავიდეს.



"კონკრეტული პირები ჩვენთან უკვეთავენ სასურველ პროექტს და ჩვენ სამშენებლო კომპანიების მეშვეობით ვუსრულებთ. ბიზნესი ჩვეულებრივად, ბანკის მეშვეობით თანხას იხდის და მომსახურეობას ყიდულობს. დანახარჯის ამოღებას ბიზნესი რამდენიმე წელიწადში შეძლებს. $76 000-ში შედის სახლის ღირებულება, თეთრი კარკასით, მარნით, ვენახით, მიწით და ნაკვეთამდე მიყვანილი საჭირო ინფრასტრუქტურით. ჩვენი ფინანსური სარგებელი მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი სასურველ კონცეფციას ქმნის, ჩვენ საკუთარი პირობები გვაქვს. მაგალითად, ვინც ამ პროექტში შემოვა, მთავარი მოთხოვნები არის ის, რომ 400 კვ.მ-ზე ვენახი უნდა აიშენოს. უნდა გააშენოს საფერავის, რქაწითელის, ან სხვა ჯიშის ყურძენი. ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს. ჩვენ კოტეჯების ტიპის 4 პროექტს ვთავაზობთ, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენთან ერთად საკუთარი გემოვნების მიხედვით დააკორექტირონ. სახლი, რომელიც აშენდება, აუცილებლად თეთრი ფერის და ქართული კრამიტით გადახურული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს.

პროექტის მიზანი არის ის, რომ კახეთში სახლი ყველას უნდა ჰქონდეს, სადაც თავის საგვარეულო ღვინის შექმნის შესაძლებლობაც ექნებათ", - განაცხადა ბეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები