საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.
მინისტრმა უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა:
- საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი;
- სასწავლო რესურსები;
- სასკოლო ცხოვრება;
- კავშირი განათლების საფეხურებს შორის;
- მასწავლებელთა კვალიფიკაცია;
- სასწავლო გარემო;
- სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა
- მართვისა და დაფინანსების სისტემა.
იდენტიფიცირებული 8 გამოწვევის საპასუხოდ მინისტრმა საზოგადოებას შესაბამისი ამოცანები გააცნო.
"საგანმანათლებლო სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. საჭიროა უზრუნველვყოთ თითოეული მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ აღზრდა და ჩამოყალიბება.
სწორედ ამ მიზნით, 8 ძირითადი გამოწვევის დასაძლევად ჩვენ შესაბამისი ამოცანები განვსაზღვრეთ. ვიწყებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი, სისტემური და განახლებადი საგანმანათლებლო რესურსები, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა, განათლების უწყვეტობა, რაც გულისხმობს საფეხურს შორის კავშირების გაძლიერებას.
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზე, თანამედროვე, ინკლუზიური სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმის შეთავაზებაზე” , - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურს შორის ტრანზიცია გაძლიერდება. გივი მიქანაძემ, ბავშვის სოციო-ემოციური მზაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი 6 წლით განისაზღვრება. მომავალი და ყოველი შემდგომი სასწავლო წლიდან პირველ კლასში მხოლოდ ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომელთაც 15 სექტემბრის 6 წელი უსრულდებათ ჩათვლით.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მხარდაჭერაზე, ასევე ისაუბრა ფუნდამენტური საგნების გაძლიერებასა და საფეხურების განახლებულ შინაარსობრივ დატვირთვაზე გაამახვილა.
"საშუალო საფეხური, X-XI კლასები, გახდება პროფილური, სადაც მე-11 კლასი სრულად იქნება რეპეტიტორიუმი და მოსამზადებელი ეტაპი უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლისთვის. 11-კლასიანი განათლება შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა სწავლობენ მე-9 კლასში. მათი პირველი გამოშვება იქნება 2028 წლის ზაფხულში. საჯარო სკოლებში მე-12 კლასი, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური ცოდნის მიღებას ან უნარების გაძლიერებას.
საკლასო დატვირთვის შემცირება არ გამოიწვევს ანაზღაურების კლებას იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც საათები შეუმცირდება. მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესში იქნება უზრუნველყოფილი, რაც დააკომპენსირებს მათ დატვირთვას”, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის (I-VI კლასები) სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება.
ამასთან, ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლები სხვადასხვა საგნებში სახელმძღვანელოებს ვეღარ აირჩევენ. განათლების სამინისტრო 2-3 წელიწადში ყველა სახელმძღვანელოს შეცვლას და ექსპერტების ჩართულობით, თითოეული საგნისთვის ერთი ახალი სახელმძღვანელოს შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
განათლების მინისტრმა სკოლის მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმის შემუშავება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ სკოლის სათანადოდ განვითარების პროცესში გადამწყვეტი როლი მიენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება მშობელთა ჩართულობაზე.




























