მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიღწეული პროგრესი ხაზს განათლებაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას უსვამს" - მიქანაძე PISA-ს შედეგებზე

გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2025 წლის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო კვლევაში დაფიქსირებული ისტორიული გაუმჯობესება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სასკოლო საზოგადოების ძალისხმევას უკავშირდება.

"2025 წლის პიზას კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამივე მიმართულებით – ეს არის მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – პროგრესს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით განსაკუთრებული პროგრესი დაფიქსირდა – საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს.

მიღწეული პროგრესი ხაზს უსვამს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით თითოეული მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან იდება ამ პროცესში. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ საქართველო 2010 წლიდან არის ჩართული PISA-ს საერთაშორისო კვლევებში და ასეთი პროგრესი საქართველოს არასოდეს დაუფიქსირებია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სასკოლო თანასწორობის ზრდას და აღნიშნა, რომ ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სოფლის სკოლებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაუმჯობესებამ განაპირობა.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შედეგებზე არსებითი უარყოფითი გავლენა აღარ აქვს და მოზარდები სკოლის გარემოსაც დადებითად აფასებენ.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად გივი მიქანაძის მიერ PISA-ს შედეგების განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებისა, საყურადღებოა თავად კვლევისა და სამთავრობო რეფორმების ქრონოლოგია:

PISA 2025-ის ციკლის ფარგლებში, მოსწავლეთა საპილოტე ტესტირება და საველე სამუშაოები ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ხოლო ძირითადი საერთაშორისო ტესტირება 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა; საქართველოს მთავრობამ კი "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია" ოფიციალურად მოგვიანებით - 2026 წლის იანვარში დაამტკიცა.

PISA 2025: ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში გაუმჯობესდა

ქართველი მოსწავლეების 42% სწავლაში ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად იყენებს | PISA 2025

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები