მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მოსწავლეების 42% სწავლაში ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად იყენებს | PISA 2025

ai სკოლა

PISA 2025-ის ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) "ჩატბოტები" ქართველი მოსწავლეების სასწავლო რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა - მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველი მოზარდები გლობალურ ტენდენციას ფეხს უწყობენ და სასკოლო დავალებების შესასრულებლად AI-ს აქტიურად იშველიებენ.

რამდენად ხშირად მიმართავენ მოსწავლეები AI "ჩატბოტებს"?

კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა 42% აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს სწავლაში დასახმარებლად კვირაში ერთხელ მაინც იყენებს. ეს მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა OECD-ის ქვეყნების საშუალო მონაცემთან (46%).

ამასთანავე, მოსწავლეთა მხოლოდ 14%-მა აღნიშნა, რომ სასკოლო დავალებებისთვის AI არასდროს ან თითქმის არასდროს გამოუყენებია (რაც ზუსტად ემთხვევა OECD-ის საშუალო მაჩვენებელს - 14%).

ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი 15 წლის მოზარდების აბსოლუტურ უმრავლესობას (86%-ს) ხელოვნური ინტელექტის სასწავლო მიზნებით გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება უკვე აქვს.

რისთვის იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად?

ქართველი მოსწავლეები AI ჩატბოტებს ყველაზე ხშირად შემდეგი სასწავლო ამოცანებისთვის მიმართავენ:

  • ტექსტის შავი ვერსიის/მონახაზის მომზადება წერითი დავალებებისთვის - 33% (OECD-ის საშუალო: 29%);
  • ახალი თემის წინასწარი კვლევა - 32% (OECD-ის საშუალო: 31%);
  • წასაკითხი ტექსტის შეჯამება - 31% (OECD-ის საშუალო: 30%).

ცნობისთვის, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) "მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების" (PISA) 2025 წლის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ქართველი მოსწავლეების შედეგები სამივე: მათემატიკის, კითხვისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით გაუმჯობესდა.

2025 წელს ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში საშუალოდ 416 ქულით შეფასდა, წაკითხულის გააზრებაში 384 ქულით, ხოლო მეცნიერებაში - 422 ქულით.

PISA 2025–ის კვლევაში 91 ქვეყნიდან და ეკონომიკური ზონიდან 760 000–ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 33 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს. საქართველოში კი შეფასების პროცესში 265 სკოლის 6 855 მოსწავლე ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები