მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

სიმონ ჯანაშია

PISA 2025-ის კვლევის შედეგები საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ რეალურ ცოდნას კი არა, ტესტისთვის სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართულად გაწვრთნილ შედეგს აჩვენებს - ამის შესახებ განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.

მისი შეფასებით, როდესაც სისტემა იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე დაკვირვება მიმდინარეობს, მიღებული მაჩვენებელი ხელოვნური ხდება. ჯანაშიას თქმით, წინა ციკლებში დაფიქსირებული დაბალი ქულების შემდეგ, სახელმწიფომ სკოლებში ტესტზე ორიენტირებული მომზადება დაიწყო.

"თუ რაღაც, რასაც ვაკვირდებით, მხოლოდ დაკვირვების გამო იცვლება, შედეგი ხელოვნური გამოდის. წინა წლების კვლევაში ცუდი შედეგები ნაწილობრივ იმას მიაწერეს, რომ მოსწავლეები კომპიუტერულ ტესტირებას არ იყვნენ მიჩვეულები. შარშან კი ამ გამოცდას უფრო სერიოზულად მიუდგნენ: სკოლებს ნიმუშები დაურიგეს, დირექტორებთან ონლაინ შეხვედრებს ატარებდნენ და, როგორც ერთ-ერთი დირექტორი მიყვებოდა, საყვედურობდნენ კიდეც მოსწავლეთა არასათანადო მომზადების გამო. ეს არის მანიპულაცია იმ გაგებით, რომ ცვლის შედეგებს - გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა რეალურად, არამედ იმას, რაც კონკრეტულად ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს", - განაცხადა ჯანაშიამ.

სიმონ ჯანაშიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულებით ყველაზე დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეთა წილი დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით შემცირდა, პარალელურად საგანგაშო ტენდენცია გამოიკვეთა წაკითხულის გააზრებაში (კითხვაში).

"კითხვაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ცუდ შედეგებს აჩვენებენ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ გაუარესება თბილისსა და კერძო სკოლებში დაფიქსირდა - იქ, სადაც ამ უნარის განსავითარებლად ყველაზე მეტი შესაძლებლობაა. რა მოხდა ამ წლებში ისეთი, რამაც ერთ საგანში წინსვლა, ხოლო მეორეში ვარდნა გამოიწვია? სავარაუდოდ, სწორედ ის, რომ ერთ მიმართულებაში ვარჯიში უფრო მეტი იყო, ვიდრე მეორეში", - აღნიშნა მკვლევარმა.

ჯანაშიამ ასევე ყურადღება გაამახვილა PISA-ს მონაცემების აცდენაზე ერთიან ეროვნულ გამოცდებთან. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ გაუმჯობესდა ბუნებისმეტყველების ცოდნა საერთაშორისო ტესტში მაშინ, როდესაც წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე ბიოლოგიაში ჩაჭრილ აბიტურიენტთა რაოდენობა გაორმაგდა.

ჯანაშიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით არსებულ მკვეთრ უთანასწორობასც. კერძოდ, როგორც ის განმარტავს, PISA-ს მეთოდოლოგიით, 15-20 ქულიანი სხვაობა ერთი სასწავლო წლის სხვაობას უდრის. საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს საქართველო დაახლოებით 60 ქულით ჩამორჩება, რაც დაახლოებით სამ სასწავლო წელს ნიშნავს.

"საკუთარი ქვეყნის შიგნით რომ შევადაროთ, თბილისის საჯარო სკოლების შედეგები 36 ქულით უფრო მაღალია, ვიდრე სოფლის საჯარო სკოლების. ეს ნიშნავს, რომ სოფლის მოსწავლეებსა და თბილისელ თანატოლებს შორის ჩამორჩენა წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდეა. ეს პირდაპირ აისახება უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაზე და ზღუდავს სოციალურ მობილობას. ბავშვებს აქვთ მოლოდინი, რომ განათლებით გაიუმჯობესებენ სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ ეს სხვაობა მათ უმაღლესი განათლების მიღებასა და უკეთესი სამსახურის პოვნაში ხელს შეუშლის", - აღნიშნა მან.

სიმონ ჯანაშიას განცხადებით, OECD-ის მიერ ორგანიზებული ეს კვლევა ხშირად აღიქმება როგორც "პროდუქტი", რომელსაც ხელისუფლებები არა რეალური რეფორმების გასატარებლად, არამედ საკომუნიკაციო პიარ-გზავნილების ასაწყობად იყენებენ.

"კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა უმეტესობა ამბობს, რომ ბულინგი არ აწუხებს, თუმცა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სკოლაში სწავლა ძალიან მოსაწყენია. ამ მოსაწყენ გარემოზე არავინ საუბრობს და მხოლოდ უსაფრთხოების მაჩვენებელზე აკეთებენ აქცენტს. მეორე მხრივ, თუ სკოლებში უსაფრთხო გარემოა, გაუგებარია, რატომ ხსნის ხელისუფლება სკოლის ფორმების სავალდებულო შემოღებას ან დასვენებებზე მობილურების აკრძალვას სწორედ უსაფრთხოების მოტივით. რეალურად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ მონაცემებს არ ეფუძნება - კვლევას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ იპოვონ რაღაც კონკრეტული და თქვან: ნახეთ, რა კარგი შედეგი გვაქვს", - დასძინა სიმონ ჯანაშიამ.

საერთაშორისო კვლევის - PISA 2025-ის თანახმად, ქართველი მოსწავლეების შედეგები სამი ძირითადი მიმართულებით გაუმჯობესდა: მათემატიკაში ცოდნა საშუალოდ 416 ქულით შეფასდა (26 ქულით მეტი 2022 წელთან შედარებით), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 422 ქულით (+38 ქულა), ხოლო წაკითხულის გააზრებაში - 384 ქულით (+10 ქულა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები