პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო შეფასების (PISA) უახლესი კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ ყველა ძირითად მიმართულებაში შედეგის სერიოზული გაუმჯობესება, არსებული მონაცემები თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა, რადგან სისტემაში კვლავ რჩება ხარვეზები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მთავრობის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.
"ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით ჩვენ კმაყოფილები და მიუხედავად გაუმჯობესების სერიოზული ტენდენციისა, გვაქვს ხარვეზები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, ზოგადი განათლების დონეზე, წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი რეფორმის გეგმების სათანადო განხორციელება უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, PISA 2025-ს ანგარიშის თანახმად, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში, საშუალოდ 416 ქულით შეფასდა, წაკითხულის გააზრებაში 384 ქულით, ხოლო მეცნიერებაში - 422 ქულით. შესაბამისად, 2022 წლის შედეგებთან შედარებით, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში საშუალოდ 26, კითხვაში 10, ხოლო მეცნიერებაში 38 ქულით გაუმჯობესდა.
როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, PISA-ს კვლევით კიდევ ერთხელ შეფასდა სასკოლო ასაკის მოზარდების მომზადების დონე და საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: "მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას".
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებაზე, რის გამოც ქვეყანა გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოს პირველ სამეულში მოხვდა, და აღნიშნა თანასწორობის ზრდის დინამიკაც.
"შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, ანუ თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხითაც ეს მაჩვენებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია", - აღნიშნა მან.
PISA 2025-ის კვლევაში 91 ქვეყნიდან და ეკონომიკური ზონიდან 760 000–ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 33 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს. საქართველოში კი შეფასების პროცესში 265 სკოლის 6 855 მოსწავლე ჩაერთო. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში მცხოვრები 15 წლის მოზარდების საერთო რაოდენობის 93%–ს შეადგენს.




























