მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PISA 2025: ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში გაუმჯობესდა

სკოლა

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) "მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების" (PISA) 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართველი მოსწავლეების შედეგები სამივე: მათემატიკის, კითხვისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით გაუმჯობესდა.

კერძოდ, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში, საშუალოდ 416 ქულით შეფასდა, წაკითხულის გააზრებაში 384 ქულით, ხოლო მეცნიერებაში - 422 ქულით.

შესაბამისად, 2022 წლის შედეგებთან შედარებით, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში საშუალოდ 26, კითხვაში 10, ხოლო მეცნიერებაში 38 ქულით გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, PISA 2025–მა ახალი მიმართულებებიც შემოიტანა: ციფრული მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლის პროცესში.

ციფრული მოწყობილობები და ყურადღების გაფანტვა ქართულ სკოლებში

საქართველოში მოსწავლეები სკოლაში სასწავლო აქტივობებისთვის ციფრულ მოწყობილობებს დღეში საშუალოდ 1.2 საათს უთმობენ (OECD–ის საშუალო მაჩვენებელი: 1.7 საათი).

საქართველოში მოსწავლეთა 30% აღნიშნავს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილების უმეტესობაზე მათი თანატოლების ყურადღება ციფრული მოწყობილობების გამოა გაფანტული (OECD–ის საშუალო: 28%). OECD–ის ქვეყნების საშუალო მონაცემებით, მოსწავლეები, რომლებიც ციფრულ ყურადღების გაფანტვაზე საუბრობენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 11 ქულით ნაკლებს იღებენ. თუმცა, საქართველო იმ ქვეყნების მცირე ჯგუფშია, სადაც ციფრული ყურადღების გაფანტვა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას, OECD–ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლით, იმ სკოლებში, სადაც ტელეფონები აკრძალულია, ყურადღების გაფანტვის ალბათობა 13%–ით ნაკლებია. 2025 წელს საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 23% სწავლობდა ისეთ სკოლებში, სადაც მსგავსი აკრძალვა მოქმედებს (OECD–ის საშუალო: 49%). ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2022 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც ის 30%–ს შეადგენდა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლის პროცესში

სასკოლო დავალებების შესასრულებლად მოსწავლეები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩეთბოტებს. საქართველოში მოსწავლეთა 42% აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს სწავლაში დასახმარებლად კვირაში ერთხელ მაინც იყენებს (OECD–ის საშუალო: 46%).

ქართველი მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს ხშირად იყენებენ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ახალი თემის წინასწარი კვლევა – 32%;
  • წასაკითხი ტექსტის შეჯამება – 31%;
  • წერითი დავალებებისთვის ტექსტის შავი ვერსიის მომზადება – 33%.

მოსწავლეთა მხოლოდ 14%–მა აღნიშნა, რომ არასდროს ან თითქმის არასდროს გამოუყენებია ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტები სასკოლო დავალებების შესასრულებლად.

OECD-ის საშუალო მაჩვენებლები და TOP-10 ქვეყნის შედეგები ასე გამოიყურება:

ქვეყანა/ეკონომიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები კითხვა მათემატიკა
OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 482 461 463
პეკინი–შანხაი–ძიანგსუ–ჯეძიანგი (ჩინეთი) 597 527 612
სინგაპური 560 535 563
მაკაო (ჩინეთი) 541 501 549
ტაივანი 540 508 546
იაპონია 538 503 525
ესტონეთი 527 499 508
კორეა 526 501 522
გაერთიანებული სამეფო 511 494 488
კანადა 510 490 485
ახალი ზელანდია 509 497 480

PISA 2025–ის კვლევა, რომელიც 2000 წლიდან ხორციელდება, რიგით მეცხრე ციკლია. ამ უახლეს რაუნდში 91 ქვეყნიდან და ეკონომიკური ზონიდან 760 000–ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 33 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს.

საქართველოში შეფასების პროცესში 265 სკოლის 6 855 მოსწავლე ჩაერთო. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში მცხოვრები 15 წლის მოზარდების საერთო რაოდენობის – დაახლოებით 53 900 მოსწავლის – 93%–ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები