მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2025 წლის კვლევის შედეგების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები.
როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კვლევაში საქართველომ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
განათლების სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ:
• საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;
• მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;
• შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.
• საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;
• შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;
• საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია "გამორჩეულ მოსწავლეთა" წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;
• კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;
• მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;
• 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო. სამინისტროს ინფორმაციით, თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბულგარეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, მალაიზია, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, არგენტინა და სხვა.
OECD-ის შეფასება
საქართველოს შედეგებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი, ანდრეას შლაიხერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მიღწევა საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს:
"ვულოცავ საქართველოს მასწავლებლებსა და დირექტორებს. იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლებმაც სამივე მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში - პროგრესი აჩვენეს. ეს საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია 2010 წლის შემდეგ, რაც ქვეყანა PISA-ს შეუერთდა.
საქართველო ამტკიცებს, რომ ხარისხი და თანასწორობა ერთმანეთს არ გამორიცხავს - გაუმჯობესების დიდი წილი სწორედ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების შედეგების ზრდაზე მოდის. ამასთან, ქართველი მოსწავლეები ციფრულ ტექნოლოგიებსა და AI-ს აქტიურად იყენებენ, რაც მთავრობის მხრიდან ტექნოლოგიურ აღჭურვაში სწორ ინვესტიციაზე მიუთითებს.
თუმცა სკოლებს ყველაფრის მარტო გაკეთება არ შეუძლიათ. მთავარი გამოწვევა მშობლების მეტი ჩართულობაა - ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ ოჯახისთვის მნიშვნელოვანია მათი სწავლა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა და ეს რესურსი ბოლომდე უნდა განვითარდეს", - განაცხადა შლაიხერმა.
ცნობისთვის: მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) OECD-ის ეგიდით 2000 წლიდან ტარდება და 15 წლის მოზარდების ცოდნასა და უნარებს აფასებს. საქართველო კვლევაში 2010 წლიდან მონაწილეობს. 2025 წლის ციკლში მსოფლიოს 91 ქვეყანა მონაწილეობდა.
2025 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში, საშუალოდ 416 ქულით შეფასდა, წაკითხულის გააზრებაში 384 ქულით, ხოლო მეცნიერებაში - 422 ქულით.




























