მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?! - ჯუანშერ ბურჭულაძე

მინისტრი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია. მის განცხადებას სასამართლო სხდომიდან, სადაც ამ წუთებში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

„თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს - აქ ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით “, - ამბობს ყოფილი მინისტრი და მიუთითებს მისი დაკავების სხვა ინტერესზე და აგრძელებს:

„რაც შეეხება ნასყიდობას, რომ აგიხსნათ ბატონო მოსამართლე, ნასყიდობა მე დავასაბუთე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციის თვალსაზრისით. მე არასოდეს მიხსენებია, რომ ჩემი საბოლოო შემოსავალი, რომლითაც მე გავისტუმრე ნასყიდობის ვალდებულება, იყო წყნეთის სახლი....",- აქ მას აწყვეტინებს მოსამართლე და ახსენებს, რომ ამ სხდომაზე მის ბრალეულობის საკითხს არ განიხილავს და დღეს განიხილება მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. მოსამართლე ამბობს, რომ ის არ ზღუდავს ბრალდებულს, მხოლოდ ინფორმაციას აწვდის.

"ჩემთვის ცნობილია, ბატონო მოსამართლე, მაგრამ მინდა დაგანახვოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია; რაც შეეხება ნასყიდობას, მე ლეგალური საფუძველი მქონდა, რითაც გადავიხადე ნასყიდობის ღირებულება, რაც შეეხება წყნეთის სახლის ნასყიდობას, ნასყიდობა იქნებოდა თუ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ იქ იყო, როდესაც იწურებოდა ვადა, იმ საშუალების, რომელიც ესპანეთს ჰქონდა, რომ აგვეღო ცხოვრების უფლება და შემდგომში ბავშვებს ესწავლათ შეღავათიან ფასში, იწურებოდა და ამიტომ დამჭირდა“, - პასუხობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ყოფილი მინისტრის თქმით, ესპანეთში ბინა შეიძინა წყნეთის სახლის ფასად.

„ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით... რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე...

არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ყოფილი მინისტრი 11 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები