2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.
"ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული.
თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა 4.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს", - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე არ არის. შედარებისთვის, მიმდინარე წლის რვა თვეში, დსთ-ის ქვეყნებში 124,7 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა. თუმცა თუ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილია მცირედით, დსთ-ს ქვეყნებში კი შემცირებული. (2024 წლის მონაცემებით, EU – 21,5 მლნ აშშ დოლარი; დსთ - 157,4 მლნ აშშ დოლარი).
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთო ჯამში, საქართველოდან ღვინის ექსპორტმა წელს რვა თვეში 165,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გასულ წელს 196,6 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, კლება 15.7%-იანია. წელსაც, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მას პოლონეთი და უკრაინა მოჰყვება.
რაც შეეხება თხილის ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, ამ შემთხვევაში წელს, ზრდა გვაქვს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 59 მლნ აშშ დოლარის 7883 ტონა თხილი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თხილის ექსპორტმა 40,4 მლნ აშშ დოლარი და 6062 ტონა შეადგინა. ზრდა 45%-იანია. მონაცემების თანახმად, გაიზარდა თხილის საექსპორტო ფასიც - 10%-ით. ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები ესპანეთი და იტალიაა.




























