მიმდინარე წლის 8 თვეში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2026 წლის იანვარ-აგვისტოში მიღებულ შედეგებზე ინფორმაციას თავად GCCA ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დარეგისტრირებული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით გაიზარდა.
დარღვევები და სანქციები
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 516 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 227 ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 268 საქმეზე ჯარიმა 114 მოვაჭრეს დაეკისრა, რამაც ჯამში 289 663 ლარი შეადგინა.
გარდა საჯარიმო სანქციებისა, სააგენტომ 151 საქმეზე 134 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც ზიანი წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად მიადგათ.
ონლაინ ვაჭრობა და გეოგრაფიული გადანაწილება
სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა მომართვიანობის ძირითადი წილი ონლაინ ვაჭრობაზე მოდის. კერძოდ, განაცხადების 69% სწორედ ინტერნეტ-შესყიდვებს ეხებოდა, ხოლო 31% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს.
რაც შეეხება გეოგრაფიულ გადანაწილებას, მომართვიანობის მხრივ ლიდერი დედაქალაქია:
- თბილისი - 81%;
- აჭარა - 6%;
- იმერეთი - 3%;
- ქვემო ქართლი - 2%;
- კახეთი - 2%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2%;
- სხვა რეგიონები - 4%.
რას ითხოვს მომხმარებელი და რომელი სექტორები ლიდერობენ?
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, მომხმარებელთა მოთხოვნები შემდეგნაირად განაწილდა:
- თანხის უკან დაბრუნება - 707 განაცხადი;
- ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა - 431 განაცხადი;
- ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან შეცვლა - 393 განაცხადი;
- სხვა დანარჩენი მოთხოვნები - 227.
სექტორულ ჭრილში ყველაზე მეტი პრეტენზია საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროზე მოდის (67%). მას მოჰყვება ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობებზე განაცხადების 19% მოდის.




























