საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის 8 თვეში საქართველომ 2.1 მლრდ მ3 გაზი მოიხმარა. 2025 წლის შესაბამის მოხმარება თითქმის 9%-ით არის გაზრდილი. საქართველომ წელსაც სრულად იმპორტირებული ბუნებრივი აირი მოიხმარა, რადგან ქვეყანას შიდა წარმოება უმნიშვნელო აქვს. იანვარ-აგვისტოში საქართველომ მხოლოდ 8.7 მლნ მ3 გაზი აწარმოვა.
საქართველო იმპორტირებულ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის წარმოებისთვისაც იყენებს, წელს 8 თვეში 316 მლნ მ3 გაზი დაიხარჯა დენის გამომუშავებაზე, ეს წლიურ ჭრილში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (17.2 მლნ მ3-ით).
ქვეყანას ბუნებრივი აირის მხოლოდ ორი მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი და აზერბაიჯანი. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მცირდება, ამ დანაკლისს კი, საქართველო რუსეთიდან ანაზღაურებს. ასე მაგალითად, სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და "ოფციური ხელშეკრულებით" მიღებული გაზია. 2024 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
























