მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8100 და 6000-ევროიანი ჩანთები, ₾272 ათასი მრჩევლობიდან, $200 ათასის დანაზოგი - კულტურის მინისტრის დეკლარაცია

თინათინ რუხაძე

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, რაც 2024 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწულ ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში. პირველი ბინა, 82.85 კვ.მ ფართობის, მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და 2010 წელს ნასყიდობის გზით 100 000 ლარად არის შეძენილი. მეორე ბინა შეძენილია 2024 წლის 20 მარტს, ნასყიდობის ფორმით, 300 000 აშშ დოლარად. მისი ფართობია 134.7 კვ.მ და მდებარეობს თბილისში, ოთარ თაქთაქიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩების მიმდებარედ.

ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2024 წლის 27 თებერვალს რუხაძემ 200 000 აშშ დოლარად გაასხვისა ბინა. შესაბამისად, დეკლარაციაში ასახულია როგორც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული 200 000 აშშ დოლარის შემოსავალი, ისე ახალი ბინის შეძენაზე გაწეული 300 000 აშშ დოლარის გასავალი.

მინისტრი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ წლის განმავლობაში 324,854 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან მინისტრის პოსტზე 16150 ლარი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 35,700 ლარი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობიდან. კერძო სექტორიდან კი 150000 ლარი კომპანია "თიხარტის" მრჩევლობიდან, აღნიშნული კომპანია გამარტივებული ხელშეკრულებების ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის საახალწლო და სადღესასწაულო კონცერტების მენეჯმენტის სერვისის მიწოდებით არის დაკავებული. ასევე 122500 ლარი შპს ბიზნეს კონსალტინგ კომპანის მრჩევლობისთვის. აღნიშნულ კომპანიაში თინათინ რუხაძე 100%-ის წილის მფლობელია.

რაც შეეხება დანაზოგებს თინათინ რუხაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 137 ათასი დოლარის საბანკო დანაზოგებს და 68 ათასი დოლარის ნაღდ ფულს.

სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში მითითებულია, რომ ის ფლობს 25%-იან წილს შპს „ალმონდ ჯორჯიაში“ და 100%-იან წილს შპს „ბიზნეს კონსალტინგ კომპანიაში“. ორივე შემთხვევაში წილები მართვის უფლებით არის გადაცემული და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები