მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

84 დეპუტატის და 1 ივანიშვილის გამო, საქართველომ მომავალი არ უნდა დაკარგოს - ვერა ქობალია

ვერა ქობალია

2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას აზრით, საქართველოში #წერტილი უნდა დაესვას სიჩუმეს. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში წამყვანის შესაბამის კითხვას.

“შეიძლება, აქციაზე არ გადიხარ ან სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებ, მაგრამ აუცილებელია, წახვიდე არჩევნებზე" – თქვა ვერა ქობალიამ და მიმართა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ნუ შეეშინდებათ, თავისუფალი არჩევანის გაკეთების.

„მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად შექმნილ ასეთ შანსს დიდი ხანია ველოდით და არ უნდა გავუშვათ ხელიდან; 84 დეპუტატის ან ერთი ბიძინა ივანიშვილის გამო, საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი მომავალი.

რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ისეთი არჩევანი, რომელიც ისევ სწორ გზაზე დააყენებს საქართველოს.

ვიცი, რომ ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს როგორც სამინისტროებში, ასევე, ადგილობრივ მთავრობებში დასაქმებულებზე, თუ სკოლებში - მასწავლებლებზე და ა.შ., რომ მმართველ პარტიას მისცენ ხმა... ეს მხოლოდ დაშინებაა და ნუ შეეშინდებათ.

ჩემივე მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ როცა მთავრობაში ვიყავი, გასაგებია, რომ მაშინდელ მმართველ პარტიას სურდა, ხელისუფლებაში დარჩენა, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ვუთხარი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს, რომ ხმა მიეცათ იმ ძალისთვის, ვისთვისაც სურდათ. ამდენად, არავის უნდა შეეშინდეს“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსული პოლიტიკის გამტარებელი იყო და „რუსული კანონის“ მიღებით, ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა.

- რას ურჩევდით საჯარო სექტორში დასაქმებულებს? შეუძლებელია, უმრავლესობა ვერ იაზრებდეს „რუსული კანონის“ ნამდვილ მიზნებს....

- დარწმუნებული ვარ, მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებულ ბევრ ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რაც ხდება, მაგრამ ფიქრობენ, რომ გვიანია მოქმედება, რადგან ამ გუნდის წევრები არიან და ინერციით მიჰყვებიან; მე ნამდვილად მჯერა, რომ არასდროს არ არის გვიან; ისტორიაში ბევრი მაგალითი გვაქვს, მათ შორის მე-20 საუკუნიდან, როცა დიდი პოლიტიკური ცვლილებების დროს ადამიანებმა დაუშვეს კონკრეტული შეცდომები, მაგრამ შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს... იმავეს ვეტყოდი ელჩებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან - არც მათთვის არის გვიანი; მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები