მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

84%-იანი ფასნამატი VAR-ის სისტემებზე და კლუბების ვალები - რა აღმოაჩინა აუდიტმა ფეხბურთის განვითარების ფონდში

ფეხბურთის ფონდი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია მატჩების ვიდეორეფერის (VAR) სისტემებისა და ავტომობილების შესყიდვისას დაშვებულ სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე, ბაზრის არასწორ კვლევასა და საფეხბურთო კლუბების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის ამჟამად გიორგი კალანდაძეა. აუდიტის საქმიანობის პერიოდში კი იოსებ ბაღათურია იყო.

გამგეობა შედგებოდა: შალვა გოგოლაძე - თავმჯდომარის მოადგილე / წევრი; ილია ბეგიაშვილი - წევრი; გიორგი კაკაურიძე - წევრი; დავით მუჯირი - წევრი.

ამ მოცემულობით კი ილია ბეგიაშვილი ირაკლი მეძმარიაშვილს ჰყავს ჩანაცვლებული. სხვა წევრები უცვლელია

აუდიტის ანგარიშის თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატსა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში VAR სისტემის დანერგვის მიზნით, ფონდის გამგეობამ 2 ერთეული მოძრავი VAR სისტემის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები და ბაზრის კვლევა ფონდს დაევალა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმება - ფეხბურთის ფედერაციას.

უწყება წერს, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე ფონდმა დაუშვა ნაკლოვანება და ერთ შესყიდვის ობიექტში გააერთიანა სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საქონელი და მომსახურება: VAR სისტემები, ავტომობილები, ვიდეორეფერის სისტემით მომსახურება და მატჩების ტრანსლირება. ამან გამოიწვია ის, რომ შესყიდვის საგნის საბაზრო ფასზე მიღებულ იქნა არასწორი ინფორმაცია და შეთანხმება საბაზრო პირობებისადმი შეუსაბამოდ მაღალ ფასზე შედგა.

საბოლოოდ, ფედერაციამ 2 ერთეული VAR სისტემა და მისი გადაადგილებისთვის საჭირო 2 ავტომანქანა შპს „ჯი-ეფ-ემ სტუდიოსგან“ 846 283 ლარად შეისყიდა. აუდიტორულმა პროცედურებმა და დოკუმენტურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2 ერთეული VAR სისტემა ფედერაციამ 84%-იანი ფასნამატით შეიძინა.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ცალკე პოზიციად იყო გამოყოფილი ე.წ. „გაუთვალისწინებელი ხარჯი“ (შესყიდვის ღირებულების 3%) - 20 889 ლარი, რომელიც მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდა. აუდიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით საერთოდ არ იყო განსაზღვრული, თუ რა იგულისხმებოდა ამ ხარჯში, ხოლო არსებული პრაქტიკა საქონლის მიწოდებისას მსგავსი ანაზღაურების გამოყოფას საერთოდ არ იცნობს.

კონტროლის მექანიზმების ნაკლებობის გამო, ფონდმა 2023 წელს საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის სისტემით მომსახურებისთვის ზედმეტად გადაიხადა 285 100 ლარი, რადგან არ გაითვალისწინა წინარე ხელშეკრულების პირობები და ბაზრის კვლევის შედეგები.

აუდიტის რეკომენდაციები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფონდს კრიტიკული რეკომენდაციებით მიმართა:

  • ბაზრის კვლევისას ფასთა გამოკითხვა აუცილებლად განხორციელდეს ფუნქციურად ერთგვაროვანი საქონლის მიხედვით;
  • დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამო ხარჯების ანაზღაურება;
  • გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ზედმეტად გადახდილი თანხებისა და კლუბების მიერ არამიზნობრივად გახარჯული ფინანსების ბიუჯეტში უკან დასაბრუნებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები