"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მედიასთან აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა მკაფიო გზავნილები გააჟღერა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს - კლდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ო'ბრაიენთან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზე იმყოფებოდა.
"ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ბატონი ო'ბრაიენისგან, რომ აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით. ისინი გააკეთებენ ყველაფერს საქართველოში დემოკრატიის, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების შენარჩუნებისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი - ქართველი ხალხის ნებაა.
ჩვენ კი გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ "რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ" და "შულავრის კომიტეტმა" ის მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცეს. 84-მა კომუნისტმა უკვე დაამტკიცა ეს კანონი - ამ კანონს ქართველი ხალხი უკან წავაღებინებთ. ქართველი ხალხი არის მათი და მათი რუსული გზის წინააღმდეგი და მყარად ვიდგებით საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყარად დაგვიდგებიან მხარში", - განაცხადა კლდიაშვილმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარის თქმა, კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
"ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. ამ ადამიანის თავში რა სქემები იხარშება და იგეგმება, ნამდვილად არ ვიცი, ეს ალბათ, არც ამ კომპარტიის წარმომადგენლებმა იციან. არავინ არაფერი იცის, ეს ადამიანი რა ხასიათზე, რა აზრით და გეგმით იღვიძებს.
მაგრამ ფაქტია, რომ ის არის საქართველოს არაფორმალური მმართველი და მას უნდა სახელმწიფოს მიტაცების დასრულება ამ კანონით და, ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულებიდან და ორბიტიდან ამოგდება", - ამბობს დავით კლდიაშვილი.
IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს ასევე ჰკითხეს, მონაწილეობს თუ არა ის რუსული კანონის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რაზეც კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ ის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ არის: "ჩვენ ვმონაწილეობთ ამ მშვიდობიან პროტესტში, ვდგავართ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, საორგანიზაციო საკითხებში მე უშუალოდ ჩართული არ გახლავართ".