Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის უახლესი პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 9%-მდე იქნება.
ეკონომისტმა ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციებსა და საინვესტიციო ბანკის მოლოდინებზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.
"საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლიურ ჭრილში სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა წინა ორ თვეში საკმაოდ მაღალი იყო. აგვისტოში 12%-იანი ზრდა იყო, ივლისში 13%-იანი. ანუ მცირედი შენელება გვაქვს, სექტემბრის ზრდა ჩვენს მოლოდინთან ოდნავ ნაკლებია. ჩვენ დაახლოებით 9-9.5%-ის ფარგლებში ველოდით, თუმცა მესამე კვარტალი 11%-ზე მეტია და თუ შევხედავთ წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით 9.8%-ია ეკონომიკური ზრდა.
ჩვენი პროგნოზით, რომელიც სექტემბერში განვაახლეთ, 9%-მდე ველოდებით მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდას. ვინარჩუნებთ ამ პროგნოზს იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციური გარემო არის დაბალი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთლიან შიდა პროდუქრს რომ ვითვლით იქ სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება არ ითვალისწინება, იქ ფასების სხვა მაჩვენებელია, რომელიც 3%-ია, ხოლო ის, რასაც სამომხმარებლო ინფლაციას ვეძახით, 1%-ზე დაბალია მიმდინარე წელს",- აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
რაც შეეხება ტურიზმს, მისი განცხადებით, როგორც შემოსავლები, ისე ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელთან შედარებით სრულადაა აღდგენილი. Galt & Taggart-ი ელის, რომ წელს ტურისტული ვიზიტები 5.1 მილიონს მიაღწევს.
ამასთან, ლაშა ქავთარაძის თქმით, წელს ტურისტული ვიზიტების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ისრაელმა შეიტანა.
"ჯამურად 3.5 მლრდ დოლარია 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება და აღდგენილია შემოსავლების ნაწილი სრულად. ასევე, აღდგენილია თვითონ ტურისტული ვიზიტებიც და პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. რაც შეეხება ერთდღიან ვიზიტებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მაგალითად, აზერბაიჯანიდან ისევ ჩაკეტილია სახმელეთო საზღვარი.
მიმდინარე წლის განმავლობაში ველით, რომ ტურისტული ვიზიტები 5.1 მილიონს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებელი 6.1 მილიონამდე გაიზრდება. ქვეყნების მიხედვით თუ შევხედავთ, ტურისტული ვიზიტების ნაკადების ზრდა ყველაზე მეტად განპირობებული იყო ისრაელიდან. გვახსოვს შარშან, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო პროგნოზები კეთდებოდა, რომ ისრაელიდან ტურისტული ვიზიტები შემცირდებოდა, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებლით ყველაზე მაღალი კომტრიბუცია სწორედ ისრაელიდან ვიზიტორებმა შეიტანეს. შემდგომ მოდის: ჩინეთი, ირანი, ყაზახეთი და სხვათაშორის 9 თვის მონაცემში ევროკავშირიც გაზრდილია და მისი კონტრიბუცია ვიზიტორების მთლიან ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტია",- აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.