მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 წელში ამბროლაურის აეროპორტი 16 481 მგზავრს მოემსახურა

ამბროლაურის აეროპორტი

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი 9 წლის წინ, 2017 წლის 20 იანვარს გაიხსნა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16 481 მგზავრსა და 1 060 რეისს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის და ადგილობრივი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგან აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

"ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის ფუნქციონირებამ რაჭაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. ამ ეტაპზე აეროპორტში, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული", - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და პირველი რეისი 2017 წლის იანვარში მიიღო. ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15-ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა და, მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, ტერმინალის გაფართოებაც.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვადრატული მეტრია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

ნატახტრის აეროპორტიდან საქართველოს ქალაქებს, მათ შორის ამბროლაურს, შორის შიდა მიმოსვლას ავიაკომპანია "სერვის ეარი" Vanilla Sky-ის ბრენდის ქვეშ ახორციელებს.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამბროლაურის მიმართულებით ერთ გზაზე ფრენის ღირებულებაა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები