მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

სს

ქალაქ ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.12 მილიონ ლარს შეადგენს.

"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ამბროლაურში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელეტქრონული ტენდერი გამოაცხადა.

საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს.

მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტირების ეტაპზეა მარცხენა სანაპიროზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის - კულტურულ-გასართობი პარკის მოწყობის ღონისძიებები, რაც ასევე მოითხოვს ნაპირდაცვითი კუთხით უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ნაპირსამაგრი ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროებისამებრ მოეწყობა რკინაბეტონის კედლები და დიდი ზომის ქვებისგან ქვანაყარი ბერმა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები