ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის რეაბილიტაციასა და ქალაქის კიდევ ოთხ ლოკაციაზე სანიაღვრე და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 22 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური სამუშაოები აეროპორტის გზატკეცილზეა დაგეგმილი. კერძოდ, №93-დან №249-ის მიმდებარე ტერიტორიამდე 2.64 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. სამუშაოები არსებული ასფალტის საფარის დემონტაჟს, გზის საფუძვლის სტაბილიზაციასა და ახალი, სამფენიანი ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დემონტაჟს 37 611 კვადრატული მეტრის ასფალტბეტონის საფარი ექვემდებარება, ხოლო ახალი საფარი 35 012 კვადრატულ მეტრზე უნდა დაიგოს. ასევე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის, ჭებისა და რკინა-ბეტონის არხების მოწყობა, საყრდენი კედლების მშენებლობა და ტროტუარების მოპირკეთება. ტროტუარებისთვის გათვალისწინებულია 15 440 კვადრატული მეტრი ფერადი ვიბროდაწნეხილი ფილა.
პროექტი ასევე მოიცავს უსაფრთხოების კუნძულებისა და გაზონების მოწყობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მონტაჟს, გარე განათების ქსელის განახლებას და 294 დიოდური სანათის დამონტაჟებას. გზატკეცილზე უნდა განთავსდეს საგზაო ნიშნებიც და დაიხაზოს გზის სავალი ნაწილი.
აეროპორტის გზატკეცილის გარდა, ტენდერი ბათუმის კიდევ ოთხ ლოკაციაზე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორისაა თევდორე მღვდლის ქუჩა, №1-დან №114-მდე მონაკვეთი, სადაც სანიაღვრე სისტემის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტების, წყალმიმღები ჭებისა და საყრდენი კედლის მოწყობა იგეგმება.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის №35-დან ადლიის ქუჩის №76-მდე მონაკვეთზე 400 მეტრი სიგრძის ღია სანიაღვრე არხი უნდა მოეწყოს. ნიჟარაძის ქუჩაზე, №6ბ-დან №26-მდე, დაგეგმილია 402 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედლისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. სამუშაოები ასევე ჩატარდება ბათუმის მერიის სასაწყობე ტერიტორიაზე, სადაც გამავალი სანიაღვრე არხის ფერდსამაგრი კედლები და დამცავი მოაჯირები უნდა მოეწყოს.
წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების მიხედვით, აეროპორტის გზატკეცილის, ნიჟარაძის ქუჩისა და კაჩინსკების ქუჩიდან ადლიის ქუჩამდე მონაკვეთების ჯამური სიგრძე 3.4 კილომეტრია. დანარჩენ ორ ლოკაციაზე სამუშაოების მოცულობა ხარჯთაღრიცხვებში კილომეტრებით განსაზღვრული არ არის.
ტენდერის პირობებით, სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 10 დეკემბერია განსაზღვრული.
შესყიდვაში მონაწილე კომპანიას 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ანალოგიური ხასიათისა და სირთულის საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. კერძოდ, მოთხოვნილია მინიმუმ 17 მლნ ლარის ღირებულების ჯამური გამოცდილება, საიდანაც არანაკლებ 6 მლნ ლარის სამუშაოები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა იყოს შესრულებული.
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.
























