წელს 9 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა 100 მლნ მ3-ით შემცირდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებულია ჯამში 1.6 მლრდ მ3 გაზი.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ჯამში 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოეს, აქედან 18 მლრდ მ3 გავიდა ექსპორტზე. ექსპორტირებული გაზის მოცულობები ასე განაწილდა: 9.4 მლრდ მ3 გაყიდა ევროპაში, 7.3 მილიარდი – თურქეთში (მათ შორის 4.3 მილიარდი კუბური მეტრი TANAP-ის მეშვეობით), ხოლო დაახლოებით 1.6 მილიარდი კუბური მეტრი – საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებია აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის იმპორტი იკლებს, რუსეთიდან კი იზრდება. საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.
გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი გაზს იღებს.




























