2026 წლის 9 თვის მონაცემებით, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, ბათუმის აეროპორტში 10%-ითაა გაზრდილი მგზავრთნაკადი და ფრენების რაოდენობა.
აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის აეროპორტი 1 098 027 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში მგზავრთა რაოდენობა 995 101 იყო.
"ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ზაფხულის სეზონზე (ივნისი-სექტემბერი), როცა მატებამ 27% შეადგინა. მგზავრთნაკადის მხრივ რეკორდული დღე იყო 13 აგვისტო, როცა აეროპორტი 24 საათში 11,005 მგზავრს მოემსახურა.
2026 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს 11 ახალი მიმართულება და 8 ახალი ავიაკომპანია დაემატა, მათ შორის FlyArystan, FlyOne და OneClick Airways. ასევე, აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული რეისები აღადგინა. მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 30 ავიაკომპანია 40 მიმართულებით ასრულებს ფრენებს", - აღნიშნავენ კომპანიაში.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ TAV Georgia-ში აღნიშნავენ, რომ უკვე მეოთხედ, ქალაქ ბათუმს World Travel Awards-ის ჯილდო მიენიჭა და ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
"ეს აღიარება დიდი მნიშვნელობის მატარებელია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისვის, რომელიც მგზავრებს ოთხივე სეზონზე დიდი დატვირთვით ემსახურება", - აცხადებენ კომპანიაში.
ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტს უკვე 20 წელზე მეტია ინვესტორი კომპანია, ტავ ჯორჯია მართავს.
























