მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი ვერ აითვისა - გიორგი კაკაურიძე მიზეზებს განმარტავს

გიორგი კაკაურიძე

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბიუჯეტის ათვისების ჩამორჩენაა. ამაზე მან პარლამენტში 2025 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის აუთვისებლობა, ძირითადად, პროექტების დაწყების გაჭიანურებასთან არის დაკავშირებული.

2025 წლის განმავლობაში სამინისტროის ბიუჯეტი 3 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. 9 თვის გეგმა, რაც სამინისტროს უნდა შეესრულებინა 1.93 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა ფაქტობრივი ათვისება 1.76 მილიარდი ლარია. შესაბამისად ამ მიმართულებით ჩამორჩენა 168 მილიონ ლარს შეადგენს.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროში წელს გათვალისწინებული იყო მრავალი ახალი პროგრამის დაწყება, ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც რიგ შემთხვევაში ტენდერები არის გამოცხადებული, რიგ შემთხვევაში მომზადება ხორციელდება პროექტის დასაწყებად. ასევე არის თბილისი რუსთავის გზის მშენებლობა და ტენდერი გამოცხადებულია. მოველით რომ მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის ათვისება მაღალი იქნება და შეიძლება მოხდეს პროექტებს შორის თანხების გადანაწილება, რომ მოხდეს ბიუჯეტის უფრო მეტი ნაწილი გადავიდეს პროექტებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პროექტები, რომლებშიც ყველაზე დაბალი ათვისებაა დაკავშირებულია ტენდერების დასრულების გაჭიანურებასთან. საუბარია თბილისი-წითელი ხიდის და თბილისი-სადახლოს ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც EIB-ის 250 მილიონი ევროს სესხით ფინანსდება. პროექტზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა და მასზე ნავარაუდევი იყო რომ წელს 190 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, თუმცა ტენდერი ამ დრომდე არაა დასრულებული და 2025 წლის 9 თვეში ამ ორივე გზაზე ათვისება ჯამურად მხოლოდ 4 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები